Fitch-ის ახალი შეფასების თანახმად, საქართველოს პერსპექტივა გაუარესებულია. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი “BB” დონეზე დაადასტურა, თუმცა პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. შეფასების გაუარესების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი დასახელდა.

რას ნიშნავს ქვეყნისთვის გაუარესებული მაჩვენებელი? კითხვით ,,კომერსანტმა’’ ეკონომისტ დავით კიკვიძეს მიმართა. ის განმარტავს, რომ საერთაშორისო რეიტინგებს ინვესტორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან და სწორედ მათზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას, შევიდნენ თუ არა ინვესტიციებით კონკრეტულ ქვეყანაში. დავით კიკვიძე ამბობს, რომ რეიტინგი მოიცავს არა მხოლოდ ბიზნეს გარემოს შეფასებას, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ბიზნესისთვის ყველა ინდიკატორი ხელშემწყობია, მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობაა, ეს ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს.

,,მსოფლიოში სულ სამი აღიარებული რეიტინგია. მათ შორის არის Fitch-ი. მათი შეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აფასებენ ქვეყნის სტაბილურობას, რომელიც ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სწორედ მასზე დაყრდნობით ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში შევიდნენ თუ არა, დააბანდონ თუ არა ფული. აღნიშნულ რეიტინგში შესულია, არა მხოლოდ ბიზნეს გარემო და ინფრასტრუქტურა, (თუნდაც რეგულაციები, ზოგადად ბიზნესის კეთების სიმარტივე, ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა) ამავე დროს მთავარ ფაქტორს წარმოადგენს პოლიტიკური სტაბილურობა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური არასტაბილურობის ფაქტორი არის გადამწყვეტი. შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს იდეალურ მდგომარეობაში, თუმცა პოლიტიკური არასტაბილურობაა ეს არის ნომერ პირველი ინდიკატორი, როდესაც ინვესტორების აჩერებენ ყველანაირ აქტივობას ამათუ იმ ქვეყანაში.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.

ეკონომისტის განმარტებით, 2024 წელს ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა ნარჩუნდებოდა, რამაც ინვესტიციების შემოდინებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. დავით კიკვიძე ამბობს, რომ გაუარესებული რეიტინგი ინვესტიციების შემოდინებას მომავალშიც შეაფერხებს და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია იმტენსიურად გაგრძელდეს.

,,საქართველოში გვაქვს ძალიან დაძაბული მდგომარეობა. ფაქტობრივად, ეს წელი თავიდან ბოლომდე იყო დაძაბული. სულ იყო პოლიტიკური არეულობა, პოლიტიკური არასტაბილურობა, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ ინვესტიციები შემცირებულია. შესაბამისად, შეფასების მაჩვენებელი ნეგატიურზე გადაგვიყვანეს. აქვე, აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ მომავალ წელს ეს ცვლილება კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მოგვიტანს, იმიტომ რომ თუ უკვე შემცირებული გვაქვს ინვესტიციები, მომავალ წელს ეს ინტენსიურად გაგრძელდება. თუ სტაბილურობა არ შეიქმნება ქვეყანაში ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალ დონეზე ჩამოვა. რაც ქვეყნისთვის სავალალო შედეგებს მოიტანს. მოგეხსენებათ, რომ ისტორიულად საქართველოს ისედაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს და ამ სავაჭრო ბალანსის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო საერთაშორისო ინვესტიციებია. ამიტომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად უნდა გავუფრთხილდეთ ამ რეიტინგის შეფასებებს. რეიტინგის პოზიტიურ მაჩვენებლებს. მოუწოდებენ მთავრობას, რომ რაც შეიძლება სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რომ მივიღოთ პოლიტიკური სტაბილურობა, რათა მომავალ წელს ქვეყანამ შეძლოს ახალ რელსებზე გადასვლა.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.