„სულაკაურის გამომცემლობის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, თინა მამულაშვილის განცხადებით, 2025 წელი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა.
როგორც მან აღნიშნა, ეს იყო პირველი წელი, როდესაც გამომცემლობის მოგება ხარჯებს გაუთანაბრდა, ანუ კომპანია ე.წ. ბრეიქ-ივენზე გავიდა, თუმცა მოგებაზე ვერ გავიდა, რაც კომპანიის მრავალწლიან საქმიანობაში უპრეცედენტო შემთხვევაა.
თინა მამულაშვილის თქმით, შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და საერთო არასტაბილურმა გარემომ მოახდინა.
"2025 წელი საკმაოდ რთული წელი გამოდგა. ეს იყო პირველი წელი, როდესაც კომპანია “ბრეიქ-ივენზე” გავიდა, თუმცა მოგებაზე არ გასულა. ეს ამ წლების განმავლობაში პირველად მოხდა და დიდწილად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იყო დამოკიდებული", - აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლობის გუნდი სრულად იყო მობილიზებული და ინტენსიურად მუშაობდა, წიგნის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადია ეკონომიკური და პოლიტიკური რყევების მიმართ.
"ყველასთვის ცნობილია, რომ როდესაც ქვეყანაში რყევები და არასტაბილური სიტუაციაა, ბიზნესებიდან ამაზე ყველაზე მძაფრად წიგნის სექტორი რეაგირებს, რადგან ეს არ არის პირველადი მოთხოვნის პროდუქტი და შესაბამისად, განსაკუთრებით მოწყვლადია", - ამბობს მამულაშვილი.
ამასთან, „სულაკაურის გამომცემლობაში“ აცხადებენ, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, განვითარების გეგმებზე უარს არ ამბობენ. "ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ ვჩერდებით. მედგრად ვაგრძელებთ მუშაობას, ვგეგმავთ მომავალს და მათ შორის, ციფრულ ტრანსფორმაციასაც, რომლის მიმართულებითაც სიახლეები გვექნება. თუმცა, საქართველოსნაირი პატარა ბაზრისთვის ეს მარტივი ნამდვილად არ არის", - აღნიშნავს თინა მამულაშვილი.
გამომცემლობაში იმედოვნებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები და ახალი მიმართულებები მომავალ წლებში სექტორის მიმართ გაზრდილ გამოწვევებს უკეთ გაუმკლავდება.
საქართველოში წიგნების, ბროშურებისა და ანალოგიური ნაბეჭდი მასალების იმპორტი 2025 წლის იანვარ–ნოემბერში შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებულია 7.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 477 ტონა ნაბეჭდი პროდუქცია, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა 8 მლნ დოლარსა და 1 585 ტონას შეადგენდა. შედეგად, იმპორტის ღირებულება წლიურად 5.4%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობაში კლება 6.8%-ს გაუტოლდა.
2025 წლის 11 თვეში წიგნების, ბროშურებისა და ანალოგიური ნაბეჭდი მასალების მთავარი საიმპორტო ქვეყანა თურქეთი იყო, საიდანაც საქართველოში 3.1 მლნ დოლარის ღირებულების 792 ტონა პროდუქცია შემოვიდა.