ქუთაისში მოქმედ მეტალურგიულ ქარხანა „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება ჩამოერთვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, „ამბიკონ სტილსის“ საქმიანობაში დარღვევები არაერთხელ დაფიქსირდა. 

„შპს „ამბიკონ სტილსის“ კუთვნილი მეტალურგიული ქარხნის ინსპექტირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ არაერთხელ განხორციელდა. ინსპექტირების საფუძველზე გამოვლენილია არაერთი დარღვევა. კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, ასევე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე და არ გააჩნდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი ნორმები, რაც საფრთხეს უქმნიდა გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე, შპს „ამბიკონ სტილსი“ ქუთაისის სასამართლომ არაერთხელ ცნო სამართალდამრღვევად: 2019 წელს სასამართლოს დადგენილებით კომპანიას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმების გარეშე საქმიანობის შედეგად გამოანგარიშებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

2021 წელს სასამართლომ „ამბიკონ სტილსი“ 15 ათასი ლარით დააჯარიმა, 2022 წელს კი - 45 ათასი ლარით. ასევე კომპანიას უდგინდებოდა გონივრული ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად. კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრულ ვადებში დარღვევების აღმოფხვრაზე არ უზრუნია. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა“, - ნათქვამია განცხადებაში.