ფქვილზე, ქერსა და ქატოზე საიმპორტო გადასახადი განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა. დადგენილება ძალაში 2025 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი მოქმედების ვადა გაიზარდა, როდემდე უცნობია.
მიღებულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ „პურის მრეწველთა კავშირში“. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ რეგულაციით ადგილობრივ წარმოებას ეხმარებიან, თუმცა ეს ფქვილის ხარისხის დათმობის ხარჯზე ხდება. „პურის მრეწველთა კავშირში“ განმარტავენ, რომ რეგულაციის გახანგრძლივება ფქვილის ხარისხზე უარყოფითად აისახება, რადგან ქართული წარმოების ხორბალი საჭირო ხარისხს ვერ უზრუნველყოფს.
,,ამ გადასახადის დაწესებამ უარყოფითად იმოქმედა. რის იმედზე ვართ? მე ეს მაინტერესებს. კი გასაგებია, რომ მოსავალი წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე შარშან. ეს სასიხარულოა, მაგრამ ფქვილის ხარისხსაც ხომ უნდა შევხედოთ? მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება. აქ ლაპარაკია ხარისხზე. ფქვილში მთავარი რა არის? პურში უნდა იყოს პროტეინი. ეს არის მთავარი პირობა. ქართული ხორბალი მაინც სუსტია. შემოტანილი ხორბლიდან თუ აპირებენ დაფქვან, თუ ხორბალი შემოდის მაშინ რატომ არ უნდა შემოდიოდეს ფქვილიც? დაცული უნდა იყოს როგორც მეწარმის, მცხობელის ინტერესები, ასევე ფქვილის მწარმოებლების. ერთი იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მე არ მიმაჩნია სწორად. გამოდის, რომ ერთი მხარე, ფქვილის დამამზადებელი იქნება მონოპოლისტის როლში. რადგან მე, მცხობელს არც ფასში და არც ხარისხში არჩევანის საშუალება არ მექნება. მთავარია გვქონდეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. მე უნდა მქონდეს არჩევანის საშუალება. არ უნდა გადავღუნოთ ჯოხი არც იქით და არც აქეთ. ტომარაზე თავდაპირველად დაწესებული იყო 10, მერე 12. ახლა უსაშველოდ გაზარდეს. რატომ აკეთებენ ამას? ახსნა ის მაქვს, რომ უნდათ რომ წისქვილებმა ადგილობრივი წარმოების ხორბალი მიიღონ. კი ბატონო მიიღონ, მაგრამ ხარისხს იღებენ იმას რაც გვჭირდება? ამაზეა ლაპარაკი.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ ,,კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან და მას ამ საკითხის განსახილველად შეხვედრა სთხოვა. მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ეს პრობლემური საკითხი უნდა დარეგულირდეს.
28 თებერვლის დადგენილების მიხედვით ერთ ტონა ხორბლის ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 250 ლარით განისაზღვრა. ქერსა და ქატოზე გადასახადი ტონაზე 200 ლარი დაწესდა. როგორც ცნობილია, მთავრობამ ბოლოს ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა. საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც. საფასური 2025 წლის 28 თებერვლის დადგენილებით შეიცვალა და ყველა პროდუქციაზე გაორმაგდა.