"მაგთი" მეხუთე თაობის ინტერნეტის აუქციონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქმე კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონს ეხება, რომელშიც კომისიის განცხადებით, "მაგთიმ" და "სილქნეტმა" მონაწილეობა არ მიიღეს. კომისიის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "სელფიმ" მიიღო. "მაგთი" აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისია არღვევს კანონით გათვალისწინებულ ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს. ამასთან, "მაგთის" განცხადებით, კომუნიკაციების კომისია "დეზინფორმაციას ავრცელებს".
"მაგთის" განცხადება სრულად:
"კომისიის განცხადება შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ტყუილს და მისი შინაარსი აგებულია იმ ფორმით, რომ მიზანმიმართულად მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. კომისია ცდილობს თავისი წარუმატებლობა 5G აუქციონთან დაკავშირებით (EU-ს რეკომენდაცია) სხვებს გადააბრალოს. აღნიშნულის გათვალისწინებით თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია 5G აუქციონთან დაკავშირებით.
იმისათვის, რომ სრულყოფილი 5G ქსელი აიგოს, საჭიროა ოპერატორ კომპანიას შეძენილი ჰქონდეს სიხშირეები 3400-3700 მგჰც და 700 მგჰც დიაპაზონიდან. რომელიმე სიხშირის შესაბამისი რაოდენობის/ზოლის არ ქონა ხსენებული დიაპაზონიდან გამოიწვევს უხარისხო 5G ქსელს, ასევე, კომისია აუქციონის სხვა სიხშირეებთან მიმართებაში არღვევს კანონით გათვალისწინებულ ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს, რაც მშვენივრად მოეხსენება კომისიას. მიუხედავად ამისა, კომისიამ 5G ქსელის ასაგებად ისე გამოიტანა სიხშირეები, რომ უპირობოდ უბიძგებდა ოპერატორს სრულყოფილი, ხარისხიანი 5G ქსელის ასაგებად შეეძინა სიხშირე MVNO-ს იძულებითი დაშვების ვალდებულებით.
აქვე, ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად, განვმარტავთ (რაც ასევე საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს) რომ „მაგთიკომი“ არ არის წინააღმდეგი საქართველოში არსებობდნენ/ოპერირებდნენ MVNO-ები, თუ ურთიერთობა დაფუძნებული იქნება პარტნიორობაზე, ჯანსაღ ბიზნეს პრინციპებზე და იქნება მომგებიანი/სასარგებლო ორივე მხარისათვის და არა კომისიის ძალდატანებით, სადაც კომისია უკვე განსაზღვრულად მოიაზრება დაძალებითი MVNO-ს მხარედ და არა ნეიტრალურ არბიტრად.
„მაგთიკომი“ ებრძვის და წინააღმდეგია, როდესაც კომისია არაბუნებრივ ინტერესს ავლენს იძულებითი MVNO-ის საკითხის მიმართ, იქცევა ტენდენციურად, არაკვალიფიციურად და ცდილობს სათანადო დასაბუთების/კვლევის გარეშე გააჩინოს ან შექმნას არაპროპორციული იძულებითი მექანიზმები, რაც, თავის მხრივ, კომისიის მიერ წინასწარ, ცბიერად დაგეგმილი და ხელოვნური რისკის მატარებელი ხდება „მაგთიკომისათვის“.
საგულისხმოა, რომ კომისია, რომელიც საჯაროდ და დეკლარირებულად გვევლინება „ფეიკ ნიუსებთან“ მებრძოლად, მოცემულ შემთხვევაში (და ეს არაა პირველი შემთხვევა) თავად არის დეზინფორმაციის მთავარი წყარო და მისი გამავრცელებელი. კომისიის მხრიდან არასაქმიანი და არაეთიკურია იმის გავრცელება, რაც ფაქტობრივად არ ყოფილა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „მაგთიკომმა“ სამუშაო რეჟიმშიც და საჯარო სხდომაზეც კომისიას წინასწარ განუცხადა, რომ 5G აუქციონის პირობები არ ქმნიდა რეალურ ალტერნატივას, რომლის საფუძველზეც „მაგთიკომი“ შეძლებდა საკუთარი სტრატეგიით გათვალისწინებულ სიხშირეების შეძენას იძულებითი MVNO-ის არსებობის გარეშე, კომისიამ „მაგთიკომის“ ეს პოზიცია არ მოისმინა (არ გაითვალისწინა) და, უფრო მეტიც, უსაფუძვლოდ მოხდა ჩვენი დადანაშაულება რომ დავარღვიეთ ის პირობა, რომელიც არც არასდროს გაგვიცია.
საქართველოში მეხუთე თაობას (5G ტექნოლოგიას) მხოლოდ ერთი ოპერატორი არ დანერგავს. საზოგადოებას და, პირველ რიგში, ჩვენს აბონენტებს გვინდა ვუთხრათ და დავპირდეთ, რომ „მაგთიკომი“ სტანდარტულად, ისევე როგორც სხვა წინა ტექნოლოგიების შემთხვევაში, იქნება კომპანია, რომელიც ყველაზე წარმატებულად და სრულყოფილად დანერგავს მეხუთე თაობას (5G) საქართველოში, ისევე როგორც ეს ყოველთვის აქამდე სხვა ტექნოლოგიებზე გვიკეთებია. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, კონკრეტული გეგმა, შესაძლებლობა, ფინანსური რესურსი და კვალიფიკაცია. როდის მოხდება ეს? მას შემდეგ, რაც კომისია ტყუილების ტირაჟირების ნაცვლად აირჩევს საქმიან მიდგომას, მოისმენს და გაითვალისწინებს დარგში მოღვაწე სუბიექტების ხმას. დღეს, კომისიამ თავის არასაქმიანი მიდგომებით დროში გადაავადა როგორც ახალი ტექნოლოგიის წარმატებულად დანერგვის შესაძლებლობა, ასევე საქართველოში ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ნეგატიური მოცემულობა დროის მოკლე პერიოდში შეიცვლება. ჩვენი ხედვაა, რომ დარგის მარეგულირებელი და ავტორიზებული პირები ერთობლივად და კონსტრუქციულად უნდა ზრუნავდნენ ახალი ტექნოლოგიების დასანერგად და ამ მიმართულებით ყველა შესაძლო პრობლემის აღმოფხვრაზე და არა პირიქით, კომისია გვევლინებოდეს მთავარ ბარიერად ახალი ტექნოლოგიის დასანერგად,"- ნათქვამია "მაგთის" განცხადებაში.
"მაგთი" კომუნიკაციების კომისიას ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე