„კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობას აქვს უფრო ძვირი ფასი, ვიდრე ჩვენ ვიხდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და ეს არის ჩვენი თავისუფლება“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა გვანცა ჯობავამ განაცხადა. მისი თქმით, წლევანდელ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობებს უწევთ ყველა ხარჯის დაფარვა, მათ შორის ფრანკფურტში სტენდის დაქირავება, აღჭურვა და ნაწილობრივ ქართველი მწერლების მგზავრობის თანხები, რამაც გამომცემლობების მთლიანი ხარჯები 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტით გაზარდა.

გვანცა ჯობავა ამბობს, რომ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, რადგან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი უნდა იყოს.

„მას შემდეგ, რაც აგვისტოში გამოვაცხადეთ „მწერალთა სახლის“ ბოიკოტი, რადგან ჩვენთვის მიუღებელი იყო წულუკიანის მიერ „მწერალთა სახლის“ ახალი დირექტორის დანიშვნის ფორმაც და შინაარსიც და მიგვაჩნია რომ კულტურას არ უნდა მართავდე პარტიული ადამიანი და კულტურის სფერო უნდა იყოს თავისუფალი, მწერალთა სახლთან ყველანაირ თანამშრომლობაზე ვთქვით უარი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის მიღებაზე. ჩვენ, ცხადია, კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ პირველი დაბრკოლება, რაც შეგხვდებოდა, იქნებოდა საქართველოს ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და ვემზადებოდით ამისთვის.

ამის შემდეგ, შევიკრიბეთ 4 გამომცემლობა - „არტანუჯი“, „ინტელექტი“, „სულაკაურის გამომცემლობა“ და „პალიტრა L“-ი და მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთობლივი ძალებით თავად გაგვეკეთებინა ერთიანი სტენდი და დამოუკიდებლად აგვეღო ფინანსური პასუხისმგებლობა“, - აცხადებს გვანცა ჯობავა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მათთვის, ფინანსური კუთხით, არ იყო იოლი მისაღები, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გამომცემლობებისთვის და ქვეყნისთვის ერთგვარი ფანჯარაა ევროპაში და „ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ფანჯარაში როგორ გამოვჩნდებით“. 

„აქამდე წიგნის ბაზრობაზე ჩვენი ხარჯი იყო ხოლმე ჩვენი მგზავრობა და დაბინავება. დღეს ამას ემატება ფრანკფურტში სტენდის დაქირავება და აღჭურვა. გარდა ამისა, ნაწილობრივ საკუთარ თავზე ავიღეთ ქართველი მწერლების მგზავრობის თანხები. ეს არ არის ჩვენთვის ადვილი და  ასე არ უნდა ხდებოდეს. რადგან ეს სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყო მხარდაჭერილი“, - აცხადებს გვანცა ჯობავა.