საოჯახო ღვინის მწარმოებელი კომპანია „დების ღვინოს“ დამფუძნებელი თამთა აივაზიშვილის შეფასებით, ევროპაში ქართული ღვინის მიმართ მაღალი ინტერესი ღვინის ექსპორტის სტატისტიკაზე არ აისახება. ამის შესახებ მეღვინემ ღვინის ექსპორტზე საუბრისას BMGTV-ს გადაცემა "ბიზნესის კვირეულთან" აღნიშნა.
„მსხვილი კომპანიები ამ შემცირებას მკაფიოდ გრძნობენ, თუმცა მცირე მეწარმეებისთვის სიტუაცია რთულია. იყო დაინტერესება იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის მხრიდან - ნიმუშები უკვე გაგზავნილია, მაგრამ მიუხედავად ქვევრის ღვინის უნიკალურობისა, საქართველოს კვლავ უწევს მტკიცება, რომ ხარისხიანი ღვინის მწარმოებლები ვართ“, - აღნიშნა აივაზიშვილმა.
მისივე თქმით, ქართული ღვინის სარეალიზაციო ფასი საერთაშორისო ბაზრებზე კვლავ დაბალია, რაც მცირე მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
„პოლონეთის ბაზარზე ჩასაბარებელი ფასი იმდენად დაბალი იყო, რომ თანამშრომლობა აღარ გვიღირდა. საუბარი იყო ბოთლზე $1-დან, ხოლო $4-ს უკვე კარგ ფასად მიიჩნევდნენ“, - ამბობს აივაზიშვილი.
„დების ღვინოში“ მიიჩნევენ, რომ იმისათვის, რომ საერთაშორისო ბაზრის ინტერესი რეალურ შედეგებში - გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდაში აისახოს, საჭიროა ქართული ღვინის აქტიური და მასშტაბური პოპულარიზაცია.
„ღვინის ეროვნული სააგენტო ხშირად აწყობს საინტერესო კამპანიებს, რისთვისაც მადლიერები ვართ, თუმცა მათში ჩართვა იმდენად მაღალი ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ მცირე მარნებისთვის თითქმის მიუწვდომელია. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ საპრეზენტაციო მაგიდის საფასურის გადახდა შეგვიძლია, დანარჩენი ხარჯები კი, რომლებიც ზოგჯერ 5 ათას ევრომდეც აღწევს, ჩვენთვის პრაქტიკულად დაუძლეველია“, - აცხადებენ საოჯახო მეღვინეობაში.
ამჟამად „დების ღვინო“ ნორვეგიაში, შვედეთსა და კანადაში სატესტო რეჟიმში იყიდება. სკანდინავიურ ბაზარზე ბრენდი ექვსი თვეა წარმოდგენილია, სადაც ამ დროისთვის გაყიდვები საერთო მოცულობის დაახლოებით 5%-ს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 2025 წლის იანვარ-სექტემბერში შესამჩნევად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ ამ პერიოდში ქვეყნიდან 64.4 მილიონი ლიტრი ნატურალური ღვინო გავიდა, რომელიც $189.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ექსპორტის მოცულობა 73.6 მილიონ ლიტრს შეადგენდა, ხოლო შემოსავალი $214.5 მილიონს აღწევდა. შესაბამისად, ღვინის ექსპორტის მოცულობა 12.5%-ით, ხოლო შემოსავლები 11.5%-ით შემცირდა.