„ბოიკოტში მყოფმა ქართველმა გამომცემლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარვდგეთ" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამომცემლობა "ინტელექტისა" და "არტანუჯის" წარმომადგენელი, გვანცა ჯობავა, წერს.
მისი თქმით, მწერალთა სახლთან ბოიკოტში ყოფნის მთავარი მიზეზი ის საფრთხეა, რომელიც, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და, ზოგადად, ქართული კულტურის თავისუფლებას ემუქრება.
"მიგვაჩნია, რომ კულტურის სფეროს უკიდურესი შევიწროებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენს ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და გამოცემის თავისუფლებაც. სწორედ ამიტომ, ბოიკოტში მყოფმა გამომცემლებმა და მწერლებმა გადავწყვიტეთ დავიცვათ ბოიკოტის პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები და არ ვითანამშრომლოთ მწერალთა სახლთან არც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში.
თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის უძვირფასესია ის მრავალწლიანი პროფესიული ურთიერთობა, რომელიც გვაკავშირებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გამომცემლები და მწერლები უწყვეტად წარადგენდნენ ქართულ ლიტერატურას ამ საერთაშორისო ფორუმზე (2018 წელს მიღწეული უდიდესი წარმატების შემდეგ კი ამ პროცესის უწყვეტობა ერთიორად აუცილებელია, როგორც ჩვენი პროფესიული წარმატების, ისე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა თუ ეროვნული მიზნებისთვის), ბოიკოტში მყოფმა ქართველმა გამომცემლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარვდგეთ დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლების სტენდით, რომელიც ღია იქნება ყველა იმ ქართველი გამომცემლისთვის, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე, განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა ჩვენი ბოიკოტის პირობებს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სექტორის ერთიანობას.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლების ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრებიან ქართველი ავტორებიც და მიიღებენ მონაწილეობას უკვე დაგეგმილ ღონისძიებებში.
იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას მხარდაჭერას გამოუცხადებენ ჩვენი მუდმივი პარტნიორები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები თუ ფონდები, რომლებთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად", - წერს გვანცა ჯობავა