ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დან იორგენსენმა ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები გააფრთხილა, რომ ამჟამად ევროკავშირს გაზის მიწოდების უსაფრთხოების მხრივ მყისიერი კრიზისი არ ემუქრება, თუმცა გაზის ფასებისა და მიწოდების მხრივ არსებული პრობლემები ზამთრის მოახლოებასთან ერთად შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს.

„ევრონიუსის“ მიერ მოპოვებულ წერილში იორგენსენი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს გააგრძელონ ენერგიაზე მოთხოვნის შეზღუდვა, რათა გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდეს, რადგან გაზსაცავებში მარაგების დონე „განსაკუთრებით დაბალია“.

„მოგიწოდებთ, განიხილოთ ისეთი ზომების მიღება ან მათი გაგრძელება, რომლებიც ხელს შეუწყობს გაზსაცავების შევსებას ან გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს აუცილებელი იქნება“, – ნათქვამია წერილში.

მასში აღნიშნულია, რომ მდგომარეობა „არ გაუმჯობესებულა“ მას შემდეგ, რაც იორგსენმა მარტში პირველად გააფრთხილა ევროკავშირის ქვეყნები.

„ნებაყოფლობითმა და კარგად დაგეგმილმა ენერგიის მოხმარების შემცირების ზომებმა 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისის დროს ეფექტიანობა აჩვენა და მიმდინარე ვითარებაში შეგვიძლია, იმ გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილები გამოვიყენოთ“, – აღნიშნავს წერილში ევროკომისარი.

ამასთან, იორგენსენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, გამოიყენონ ევროკავშირის გაზსაცავების შევსების წესებით გათვალისწინებული მოქნილობა, რათა პანიკური შესყიდვები თავიდან აიცილონ და 80%-იანი შევსების მიზანი განიხილონ, ნაცვლად იმისა, რომ 90%-იანი მაჩვენებლის მისაღწევად აქტიურად გაზარდონ შესყიდვები.

„ევრონიუსის“ ცნობით, ჩვეულებრივ, გაზსაცავების შევსება ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, რადგან მიწისქვეშა საცავებში მეტი გაზი ზამთარში მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში უფრო დიდი რეზერვის შექმნის საშუალებას იძლევა. თუმცა, როდესაც გლობალურ ბაზრებზე გაზის მიწოდება ისედაც შეზღუდულია, დიდი მოცულობის გაზის შესყიდვამ შესაძლოა, ფასების კიდევ უფრო ზრდა გამოიწვიოს.

ევროკომისიის განცხადებით, არსებული პირობების გათვალისწინებით, ზამთარში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაზსაცავების 80%-ით შევსებაც საკმარისი შეიძლება იყოს. ამასთან, ეს ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გაზის შესყიდვები უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გადაანაწილონ და სეზონის ბოლოს გაზის შესაძენად პანიკური შესყიდვები თავიდან აიცილონ.

,,ევრონიუსი” აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე იორგენსენი სავალდებულო ზომების დაწესებას არ ითვალისწინებს.

ევროკომისიის პოზიციით, 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისის დროს ნებაყოფლობითმა და კარგად დაგეგმილმა ზომებმა შედეგი გამოიღო.