საქართველოდან გაყინული ქათმის ხორცისა და სუბპროდუქტების ექსპორტი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 29.7%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში უცხოურ ბაზრებზე $28.3 მილიონი ღირებულების პროდუქტი გავიდა, 2025 წლის იმავე პერიოდში კი ექსპორტი $21.8 მილიონს შეადგენდა. რაოდენობის მიხედვით ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო — 45.1%. ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობამ 19 472 ტონა შეადგინა, გასულ წელს კი 13 412 ტონა იყო.
ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზრები ყაზახეთი და თურქმენეთია. ყაზახეთში საქართველოდან $12.2 მილიონი, თურქმენეთში კი $10.8 მილიონი ღირებულების პროდუქტი გავიდა. ამ ორ ქვეყანაზე მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 81% მოდის.
მნიშვნელოვანი მიმართულებებია ასევე სომხეთი — $3 მილიონი და აზერბაიჯანი — $1.5 მილიონი.
ამავე პერიოდში გაყინული ქათმის ხორცისა და სუბპროდუქტების იმპორტი 14.8%-ით გაიზარდა და $84.1 მილიონი შეადგინა. იმპორტის მოცულობამ 55 831 ტონა შეადგინა.
საქართველოს მთავარი მომწოდებელი ჩინეთია — $29.3 მილიონი, შემდეგ მოდიან უკრაინა — $19.3 მილიონით და ბრაზილია — $9.3 მილიონით. ამ სამ ქვეყანაზე მთლიან იმპორტში დაახლოებით 69% მოდის.