შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (SRF) პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, რომ კვირას გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩევლები უარყოფენ წინადადებას ნეიტრალიტეტის რეჟიმის გამკაცრების შესახებ, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
SRF-ის მონაცემებით, ნეიტრალიტეტის წესების გამკაცრებას მხარი ამომრჩეველთა 29%-მა დაუჭირა, ხოლო 71% წინააღმდეგი იყო.
რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის ასოციაცია „Pro Schweiz“-ს - მემარჯვენე ორგანიზაციას, რომელსაც კავშირი აქვს მემარჯვენე პოპულისტურ „შვეიცარიის სახალხო პარტიასთან“.
ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ შვეიცარიის მთავრობა ზედმეტად დაუახლოვდა ევროკავშირსა და ნატო-ს. „Pro Schweiz“-ი აცხადებდა, რომ მათი მიზანია: შვეიცარიის ნეიტრალიტეტი „მუდმივად და გამონაკლისის გარეშე“ გავრცელდეს, შვეიცარიამ შეინარჩუნოს თავდაცვისუნარიანი არმია, არ ჩაერთოს მესამე მხარეებს შორის კონფლიქტებში, არ გაწევრიანდეს თავდაცვით ალიანსში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას თავს დაესხმებიან.