2025 წლის მონაცემებით, ჩინეთმა აშშ-ს გადაუსწრო და გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის თანხმად, მაღალმა ტარიფებმა შეერთებულ შტატებში გერმანიის ექსპორტზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. იანვრიდან აგვისტომდე გერმანიის იმპორტმა და ექსპორტმა ჩინეთთან, ჯამში, 163.4 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო აშშ-თან ვაჭრობამ – 162.8 მილიარდი ევრო.

„როიტერის“ თანახმად, 2024 წელს აშშ გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, თუმცა წელს სავაჭრო დინამიკა კვლავ შეიცვალა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და განახლებული ტარიფების გამო.

ტარიფებმა შეამცირა გერმანიის ექსპორტი შეერთებულ შტატებში. კერძოდ, 2024 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ექსპორტი 7.4 პროცენტით შემცირდა. „როიტერი“ ასევე წერს, რომ აგვისტოში აშშ-ში ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 23.5 პროცენტით შემცირდა, რაც ტენდენციის დაჩქარებაზე მიუთითებს.

ჩინეთში გერმანიის ექსპორტი კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდა, ვიდრე შეერთებულ შტატებში. კერძოდ, 2025 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში წლიურად 13.5 პროცენტით. ამის საპირისპიროდ, ჩინეთიდან იმპორტი 8.3 პროცენტით გაიზარდა.