პროფესიულ კოლეჯებში ადგილები ფაქტობრივად გადავსებულია და ბევრ მსურველს სწავლა უბრალოდ აღარ შეუძლია,- ამის შესახებ განათლების პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობა სისტემური და რეალური პრობლემების აღმოფცვრის ნაცვლად, უმაღლესი განათლების რეფორმას აანონსებს, რომელიც განათლებას უფრო ელიტურ და ძვირად ღირებულ სივრცედ აქცევს.
,,პროფესიულ განათლებაში ადგილების რაოდენობას რომ შევხედოთ, ადგილები, ფაქტობრივად, გადავსებულია და კოლეჯებს ფიზიკურად აღარ აქვთ ადგილი, მსურველები მიიღონ. ამასთან ერთად, მიმზიდველობა უნდა გაიზარდოს, ძალით არ ხდება ეს, აქაც ცვლილებებია საჭირო. თითოეული მინისტრი, ფაქტობრივად, ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ უნდა შეიცვალოს მენტალობა და ყველა მინისტრი საუბრობდა რეფორმაზე პროფესიულ განათლებაში, მაგრამ არც ამ კუთხით განხორციელებულა არანაირი ცვლილება. გარდა ამისა, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ უმაღლესი განათლება „ელიტიზმის“ სივრცე უნდა გახდეს. ხელმისაწვდომობა იმას გულისხმობს, რომ ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ამ ე.წ. კონცეფციით კი ვხედავთ, რომ უმაღლესი განათლება მხოლოდ მდიდარი კლასისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც ამ მთავრობის პრიორიტეტებს აჩვენებს",- აღნიშნა ჭანტურიამ.
მისივე შეფასებით, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული რეფორმის მთავარი მიზანი პოლიტიკური კონტროლია.
ჭანტურია მიიჩნევს, სასკოლო განათლების მე-12 კლასიდან მე-11-მდე შემცირება, ასევე ბაკალავრის 3 წლამდე შემცირება, არანაირ გაუმჯობესებას არ მოიტანს.
,,განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც სრულიად გაუმჭვირვალე, არადემოკრატიული იყო. სახელი ჰქვია უმაღლესი განათლების სარეფორმო კონცეფცია და მასში ნაკლებად იყვნენ ჩართულები სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, განათლების სპეციალისტები და ასე შემდეგ, ეს არ არის დემოკრატიული პროცესი. მეორეა შინაარსი, რომელიც ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს როგორც უმაღლესი, ისე სასკოლო მიმართულებით. მთავარი მიზანი არის პოლიტიკური აზრის კონტროლი, ასევე, გარკვეული უნივერსიტეტებისთვის დარტყმის მიყენება, რადგან შენობების გაყიდვებზეც არის საუბარი. მგონია, რომ მთავარი არსი არის კონტროლის დამყარება და წმენდა იმ პროფესორ-მასწავლებლების, რომლებიც რეჟიმს არ ემორჩილებიან",- თქვა ჭანტურიამ რადიო "კომერსანტის" ეთერში.