ქართულ-ნორვეგიულმა კომპანიამ „სნეილ ქეჩი“ (ნადი გრუპი) ლოკოკინას ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია დაიწყო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა, საწყის ეტაპზე, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ზღვისპირა ქალაქების რესტორნებში შევიდა.

„სეზონურობიდან გამომდინარე, საზღვაო კურორტების კვების ობიექტებს ვამარაგებთ ჩვენი ნახევარფაბრიკატებით, აგვისტოს ბოლოდან კი - უკვე თბილისის რესტორნებშიც შევალთ. მოთხოვნა და დაინტერესება საკმაოდ დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეალიზაცია ჯერ მხოლოდ 1 თვეა დავიწყეთ“, - აღნიშნა მერაბ ნადარაიამ.

რაც შეეხება ლოკოკინას ნახევარფაბრიკატების სუპერმარკეტებში გამოჩენის საკითხს, „სნეილ ქეჩის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქცია სექტემბრიდან გაიყიდება.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ლოკოკინას ნახევარფაბრიკატები 3 სხვადასხვა რეცეპტით დაამზადა. „3 შეფუთვა გვაქვს, თითო შეფუთვაში 12 ცალი ლოკოკინა დევს. თითოეულის საბითუმო ფასი 12 ლარია“, - განმარტა „სნეილ ქეჩის“ თანადამფუძნებელმა.

business-partner.ge