„ხეკუთხედის“ სახელოსნო 4 წლის წინ, ფერმწერმა გიორგი რობაქიძემ და კერამიკოსმა ელენე ჩლაიძემ შექმნეს, სადაც ხელოვანები ხისა და კერამიკის სინთეზით, ეთნოგრაფიული ელემენტებით გაფორმებულ, უნიკალურ ნამუშევრებს ქმნიან.

ხის დაფები, ჭურჭელი და სხვა დეკორატიული ნივთები ონლაინ და ქალაქის ტურისტულ ცენტრში, 2 მაღაზიაში - „გალერეა 27“-სა და „ეთნოდიზაინში“ იყიდება, ნამუშევრების ფასები 30-დან 1000 ლარამდეა.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას გიორგი რობაქიძეს ამბობს, „ხეკუთხედის“ პროდუქციით ძირითადად ქართველი მომხმარებელი ინტერესდება, თუმცა მათი ნამუშევრები საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძო კოლექციებშიც არის.
ამას გარდა, „ხეკუთხედი“ თანამშრომლობს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან, სისტემატურად მონაწილეობს ფესტივალ „ეთნოფესტში“. გასულ წელს, „ხეკუთხედის“ ნამუშევრები პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დიზაინის საერთაშორისო გამოფენა Maison at Objet-ზე იყო წარმოდგენილი. პროექტის ორგანიზება ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, Crafting Europe-ის პროგრამა Go & Sell-ის ფარგლებში განახორციელა.
გიორგი რობაქიძის თქმით, სახელოსნოს საქმიანობის მთავარი მიზანი არის ის, რომ ნამუშევარს, რომელსაც საინტერესო და ინდივიდუალური დიზაინი აქვს, ყოველდღიურობაში გამოყენებითი ფუნქცია ჰქონდეს.
„ნამუშევრების უმრავლესობა სინთეზურია, რადგან ძალიან უხდება ხის მასიურ დაფას ხეში ჩასმული კერამიკული ფილა, რომელიც ეთნოგრაფიული ელემენტებითა და მცენარეების გამოსახულებებითაა მოხატული. მასალის შერჩევაც ძალიან ბუნებრივად მოხდა - „ხეკუთხედის“ პროდუქციის დასამზადებლად ვიყენებთ თეთრ და წითელ თიხას და უმაღლესი ხარისხის ხეს - კაკლის, მუხის, იფნის, თელასა და წაბლის მასალას. სახელოსნოში ვამზადებთ ხის დაფებს კერამიკული ჩანართით, ჭურჭელს, სანათებს, კედლის ობიექტებს, სამზარეულოს ჩანართებს ფილებით და ა.შ.,“ - ამბობს გიორგი რობაქიძე.
მისი თქმით, „ხეკუთხედი“ ცდილობს, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს პროდუქცია, მინიმუმ იმიტომ, რომ მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო იყოს და სამომავლოდ საკუთარი მაღაზიის გაკეთებაც სურთ, სადაც ხისა და კერამიკის პროდუქციას გაყიდიან.