ჯომარდობაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია. მაის-ივნისში არახელსაყრელი ამინდის გამო ჯომარდობით, პროფესიონალების გარდა, ფაქტობრივად, არავინ დაინტერესებულა. 

თუ როგორია მოთხოვნა ივლისში და როგორ სეზონს პროგნოზირებენ ამ სფეროს ოპერატორები, ამის შესახებ „კომერსანტი“ Jomardi.ge-ს დირექტორს მამუკა ბურდულს ესაუბრა. 

„ჩვენ გვაქვს 2 ძირითადი მიმართულება. ერთი - ჯომარდობის ბანაკი და მეორე - უცხოეთიდან შემოსული ჯგუფებისთვის ველო და საფეხმავლო ტურები. წელს უცხოეთიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი გვყავდა, როდესაც ამ დროისთვის 20-30 ჯგუფს ვემსახურებოდით ხოლმე. 

რაც შეეხება ჯომარდობას, მაის-ივნისში წვიმების და სიცივის გამო ძალიან ცოტა ადამიანი გვყავდა, და გვქონდა ალბათ დაახლოებით 10%-ის დატვირთვა, რაც ჩვეულებრივ არის ხოლმე. 

ჯავშნების რაოდენობის კუთხით ივლისი-აგვისტო შედარებით ნორმალურია. ძირითადად ქართველები მოდიან, კორპორაციული ჯგუფები, შაბათ-კვირაობით. უცხოელებიც არიან, თუმცა ადრინდელთან შედარებით ალბათ მესამედი, ასე შეიძლება ითქვას. 

რუსულენოვანი ჯგუფებიდან არიან საქართველოში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც აქ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. დასასვენებლად ჩამოსულებისგან წელს მხოლოდ ერთი ოთხკაციანი ჯგუფი მოვიდა“, - აღნიშნა მამუკა ბურდულმა. 

მისი თქმით, წლევანდელი სეზონზე მოთხოვნის შემცირება უკრაინაში მიმდინარე ომმა განაპირობა. ამას უკავშირდება ისიც, რომ არარუსულენოვანი ტურისტებისგან მოთხოვნა ფაქტობრივად აღარ ფიქსირდება. 

კომპანიისთვის საუკეთესო მაჩვენებელი კვირის სამუშაო დღეებში გაკეთებული ჯავშნებით იდება და ასეთ დროს მათ თვის განმავლობაში დაახლოებით 1000 ადამიანი მიმართავს, წლევანდელ სეზონზე კი ქართველების ჯავშნებით შაბათ-კვირებია დატვირთული და მათი რაოდენობა 500-მდეა. 

მამუკა ბურდულის განმარტებით, მაისი-ივნისის ფონზე ეს კიდევ ნორმალური მაჩვენებელია. აგვისტოში კი კომპანია ჯავშნების დაახლოებით იმავე რაოდენობას ელოდება.