Hollywood-ი ქართულ კინოკომპანიასთან თანამშრომლობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია POSTRED-ის მმართველმა პარტნიორმა თინა ბაბაკიშვილმა განუცხადა, ხმის დიზაინისა და მუსიკის სერვისების მიმართულებით, ქართულ კინოკომპანიას Hollywood-ისგან უამრავი დაკვეთა აქვს.
„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია შემდეგი 6 თვე სულ დაჯავშნილია და ვმუშაობთ 100 პროცენტით უცხოურ, კერძოდ Hollywood-ის პროექტებზე. ინტერესი წლიდან წლამდე მზარდია და იმიტომ არა, რომ ჩვენგან სასურველ სერვისს ისინი დაბალ ფასად იღებენ. ეს არ არის. მთავარი, რითიც Hollywood-ს ვაინტერესებთ - ხარისხია. ისინი ჩვენგან ელოდებიან მაღალ ხარისხს და მას მუდმივად იღებენ, რის გამოც, უკან ბრუნდებიან“, - აღნიშნა POSTRED-ის მმართველმა პარტნიორმა თინა ბაბაკიშვილმა.
მისივე განმარტებით, POSTRED-ი „ჰოლივუდის“ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Netflix, A24, Paramount_Pictures, HBO და სხვები.
„ჩვენმა კომპანიამ გარკვეულწილად ფურორი და გადატრიალება მოახდინა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოდან შესაძლებელია იმუშაონ საერთაშორისო კომპანიებთან Hollywood-ში. ამჟამად, გვყავს 40 ადამიანი დასაქმებული, მათი ხელფასები საერთოდ არ ჩამოუვარდება IT სპეციალიტების ხელფასებს. არსებობს სტერეოტიპი, რომ საქართველოში ხელოვნების მხრივ არ შეიძლება ადამიანმა მიიღოს კარგი ანაზღაურება და ამით იცხოვროს - ჩვენ ეს სტერეოტიპი დავამსხვრიეთ“, - აღნიშნა თინა ბაბაკიშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია POSTRED ხმის დიზაინერ ბესო კაჭარავას მიერ 2015 წელს დაარსდა. საქართველოში მანამდე არ არსებობდა მენეჯერულად გამართული პოსტ-პროდუქციის სტუდია. კომპანიამ არსებობის პერიოდში უკვე შეძლო საქართველოს პოპულარიზაცია აშშ-ს ბაზარზე. POSTRED-ს ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობილ პროექტებზე, მაგალითად - როგორიცაა: HBO-ს „ეიფორია“, და Paramount_Pictures-ის „კივილი“, ასევე A24-ის C’mon, C’mon.