უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. ინფორმაცია უკრაინულ საიტზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ამავე სიაში, შეყვანილია პუტინისტი ვალერი კვარაცხელიას შვილის დავით კვარაცხელიას კომპანია, რომელი რუსულ ავიაკომპანიას მომსახურებას უწევს.

რას ნიშნავს სანქციების უკრაინულ საიტზე ქართული ავიაკომპანიის გამოჩენა და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტმა Georgian Airways-ის ფინანსური მდგომარეობაზე, ამ თემაზე „კომერსანტთან“ ანტიკორუფციული მოძრაობის დამფუძნებელმა ვასო ურუშაძემ ისაუბრა.

„სანქციები პირველ რიგში ეკონომიკური ხასიათისაა, აქ იგულისხმება ის, რომ ამას კომპანიაზე ექნება ეკონომიკური გავლენის ეფექტი. ვფიქრობ, ეს სანქციები კომპანიის მდგრადობასა და განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს, ფაქტობრივად Georgian Airways-ს განვითარების არანაირი პერსპექტივა არ აქვს ევროპის და ევროკავშირის მიმართულებით, რაც მის მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებს გამოიწვევს. ჯერჯერობით ერთადერთი მათი მთავარი საზრდო რუსეთთან ფრენები იქნება.

გარდა ამისა, არა მგონია Georgian Airways ჯანსაღ კომერციულ საქმიანობას აწარმოებდეს, ჩვენ გვახსოვს კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც გაკოტრებას უკავშირდებოდა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ეს ყველას მიგვავიწყდა და ეს ავიაკომპანია, წლების წინ გამოცხადებული გაკოტრების მიუხედავად, აგრძელებს საქმიანობას.

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს წამყვანი ეროვნული ავიაკომპანიის დასანქცირება არის სიგნალი იმისა, რომ ეს სანქციები იქნება შეუქცევადი და ამას მოჰყვება შემდგომში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც იქნება დამაზიანებელი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, დამაზიანებელი საქართველოს საავიაციო სექტორის, რადგან ჩვენი ქვეყნის ავიაციის სექტორი ბოლო 15 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირს“, - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

მისი თქმით, Georgian Airways-ის პრობლემები შესაძლოა სხვა კომპანიებისთვის პერსპექტივა აღმოჩნდეს და ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი ბიზნესების აღმოცენება მოხდეს, რომლებიც რუსეთის ბაზარზე „ჩამოკიდებული“ არ იქნებიან და ეცდებიან ხელი შეუწყონ საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევას.

აღსანიშნავია, რომ თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.