საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაადგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, საქმე მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევას ეხებოდა. GCCA-ის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიამ მომხმარებლის დაზიანებული ბარგის საკითხზე სათანადო პასუხისმგებლობა არ აიღო.

სააგენტოს განმარტებით, მომხმარებლის ჩემოდანი დაზიანდა, თუმცა კომპანიამ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. GCCA აღნიშნავს, რომ მომხმარებელი VIP მომსახურებით სარგებლობდა, რაც ბარგის ავტომობილამდე მიტანას ითვალისწინებდა, რის გამოც მას დაზიანების დაუყოვნებლივ აღმოჩენის ობიექტური შესაძლებლობა არ ჰქონდა.

„როგორც საერთაშორისო კონვენციების, ისე ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრებოდა. „ჯორჯიან ეარვეისს“ უნდა დაესაბუთებინა, რომ ნივთი მისი ბრალეულობით არ დაზიანებულა. ვინაიდან კომპანიამ აღნიშნული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, დადასტურდა მისი მხრიდან სათანადო მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევა“, — აცხადებენ GCCA-ში.

სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი მომხმარებლის პრეტენზია ასევე შეეხებოდა ავიაკომპანიის სტანდარტულ პირობას, რომლის მიხედვითაც მგზავრს კომპანიის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების სხვა პირისთვის დათმობა ეკრძალებოდა. GCCA-ის შეფასებით, მსგავსი ჩანაწერი მომხმარებლის უფლებებს გაუმართლებლად ზღუდავდა და უსამართლო სტანდარტულ პირობად მიიჩნეოდა.

თუმცა, ვინაიდან კომპანიამ აღნიშნული ჩანაწერი საქმის განხილვის პროცესში თავად ამოიღო, სააგენტომ ამ ნაწილში დარღვევა აღარ დაადგინა.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, „ჯორჯიან ეარვეისს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და საკუთარი სავაჭრო პოლიტიკა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

სააგენტოს განმარტებით, გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კომპანიას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. ამასთან, 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენა ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

თავის მხრივ, „ჯორჯიან ეარვეისი“ GCCA-ის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ავიაკომპანიის განცხადებით, სააგენტომ გადაწყვეტილება სათანადო მოკვლევის გარეშე მიიღო, რადგან, მათი თქმით, კომპანიას მსგავსი VIP მომსახურება თავად არ გააჩნია და აღნიშნული სერვისი აეროპორტის მიერ არის შეთავაზებული.

,,აღნიშნულმა მგზავრმა აეროპორტის სერვისით ისარგებლა, რადგან ბარგის მიტანა აეროპორტის ტერიტორიიდან ავტომობილამდე მხოლოდ აეროპორტის მომსახურებაა. „ჯორჯიან ეარვეისს“ არ გააჩნია ბიზნეს დარბაზი“, — აცხადებენ კომპანიაში.

ავიაკომპანიის განმარტებით, მგზავრმა აეროპორტის ტერიტორია დატოვა ისე, რომ ბარგის შესაძლო დაზიანებაზე სავალდებულო ოფიციალური აქტი — PIR (Property Irregularity Report) არ შეუვსია და პრეტენზია ადგილზე არ დაუფიქსირებია. კომპანიის თქმით, მომხმარებელმა მათ მხოლოდ ტერიტორიის დატოვების შემდეგ მიმართა, რის გამოც ზიანის ანაზღაურებაზე უარი მიიღეს.

„ვინაიდან სააგენტოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო საავიაციო ნორმებს, შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ დაიცავს კანონიერ ინტერესებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს სასამართლოში“, — აცხადებენ ავიაკომპანიაში.