„უძრავი ქონების ქირის ფასის ჭრილში ველოდებით შემცირებას, ვიდრე ზრდას. ამ მხრივ სტაბილიზაციის ნიშნებია“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა კახა სამყურაშვილმა ივნისის თვის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდება, მაგრამ ფასების სწრაფი ზრდის ტემპს აღარ უნდა ველოდოთ.

„შარშან აპრილში ქირის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ამას მოყვა ქირის ფასის მეორე დიდი ზრდა სექტემბერში და რამაც 100%-ს მკვეთრად გადააჭარბა. შესაბამისად, ამან უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულება გაზარდა. ადამიანები აქტიურად ყიდულობდნენ ბინებს, რომ შემდეგ გაექირავებინათ, ამანაც დამატებითი მოთხოვნა შექმნა. ბოლო თვეებში ასეთ სურათს ვხედავთ - ქირის ფასი ისევ მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული, მაგრამ ზრდის ტენდენცია აღარ შეინიშნება. ბოლო 6 თვის მონაცემს თუ შევხედავთ, ფასი თითქმის შენარჩუნებულია. ბაზარმა წონასწორობის წერტილი უკვე იპოვა,“ - აცხადებს კახა სამყურაშვილი.

მისი თქმით, მიმდინარე წელს უძრავი ქონების გაყიდვების ტენდენცია არსებითად არ შეცვლილა, 0.9%-იანი კლებაა, რაც კახა სამყურაშვილის თქმით, ფაქტობრივად იდენტური მაჩვენებელია.

„2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, იდენტური ტემპით მიდის უძრავი ქონების გაყიდვები. 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ბოლო 6 თვის ჭრილში თუ შევხედავთ, მხოლოდ მცირე, 0.9%-იანი კლებაა, რაც ფაქტობრივად იდენტური მაჩვენებელია,“ - აცხადებ კახა სამყურაშვილი.

რაც შეეხება ფასების ზრდას, გასულ წელს ფასების ზრდას სამშენებლო მასალების გაძვირება და მიგრანტების გაზრდილი ნაკადი განაპირობებდა. წელს კი ორივე მიმართულებით ტენდენციები სტაბილურდება. შესაბამისად, უძრავი ქონების ფასების სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება და ისეთი მაღალი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე აღარ არის.

„ბოლო 1 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასების ზრდას ვუყურებდით. ეს განპირობებული იყო 2 ფაქტორით: პირველი - სამშენებლო მასალების გაძვირება, რაც თვითღირებულების ზრდას იწვევდა და მეორე - მიგრანტების ეფექტი (როცა ამდენი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში, ამან ქირაზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც უძრავ ქონების საინვესტიციო მიზიდულობა განაპირობა).

ბოლო თვეებში სტაბილიზაციის ნიშნებს ვხედავთ - სამშენებლო მასალების ფასები მაღალია, მაგრამ აღარ იზრდება და ბოლო 9 თვეში, 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, მიგრანტების შემოდინების ან გადინების ნაწილში, ახალ ნაკადებს ვეღარ ვხედავთ. შესაბამისად, უძრავი ქონების ფასების სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს,“ - აცხადებს „კომერსანტთან“ Galt&Taggart-ის წარმომადგენელი.

მისი თქმით, თბილისში ყველაზე მოთხოვნადი ადგილი უძრავი ქონების შესაძენად კვლავ საბურთალოა, გარეუბნებიდან - დიდი დიღომი, სამგორი და გლდანი.

„დინამიკა უცვლელია, ყველაზე მეტი ბინა იყიდება საბურთალოზე. ეს ყველზე პოპულარული საცხოვრებელი უბანია ადამიანებისთვის, რაც შეეხება გარეუბნებს - დიდი მოთხოვნაა დიდ დიღომზე, სამგორსა და გლდანზე. ესენი ყველაზე გაყიდვადი უბნებია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ყველაზე ნაკლებია უძრავი ქონების ფასი“, - აცხადებს კახა სამყურაშვილი.