ქათმის ხორცის უდიდეს ექსპორტიორ ქვეყანაში ფრინველის გრიპის გამო საგანგებო მდგომარეობაა. ბრაზილიაში  H5N1 ტიპის ფრინველის გრიპის მაღალპათოგენური ვირუსი გარეულ ფრინველებში პირველად გამოავლინეს. ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 180 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზანს შინაური ფრინველებისა და ფერმების ვირუსისგან დაცვა წარმოადგენს.

საქართველოში იმპორტირებული ქათმის ხორცის 24% სწორედ ბრაზილიიდან შემოდის. 2023 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოში 27 601 180 აშშ დოლარის 17 617 ტონა ფრინველის ხორცი შემოვიდა, აქედან  6 854 950 აშშ დოლარის 4 168 ტონა ქათმის ხორცი ბრაზილიიდან იქნა შემოტანილი. მეორე მესამე ადგილზე თურქეთი (2 923 ტონა) და ჩინეთია  (2 244 ტონა).

როგორ იმოქმედებს ეს მდგომარეობა საქართველოს ბაზარზე, ხომ არ არის მოსალოდნელი დეფიციტი და ქათმის ხორცის გაძვირება, რა მოიაზრება ალტერნატივად. ამ საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ სექტორის წარმომადგენლებთან დაკავშირებას შეეცადა.

საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიიდან შინაური ქათმის ხორცისა და საკვები სუბპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიებია: შპს აქუაპროლე, შპს იგრიკა, შპს კასკო 2015, შპს ჯეო-კოოპ. კომპანიების უმეტესობამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მათ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, შესაბამისად გაუჭირდათ მოსალოდნელ შედეგების პროგნოზირებაც.

„კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარესაც გაესაუბრა. ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი გავლენა მოსალოდნელი არაა, რადგან არსებობს სხვა ძლიერი ალტერნატივები.

„არა მგონია  ბრაზილიაში  დაფიქსირებული ვეტერინარული  თვალსაზრისით პირდაპირ  ასახოს. ბრაზილია პირველი მომწოდებელია, იქიდან პროდუქტის ჩამოსვლას თვე-ნახევარი უნდა. თუ ახლა შეზღუდეს, პირველი თვე-ნახევარი არაფერი გვემუქრება, შემდეგში თუ ფრინველი გაანადგურეს, წარმადობა  შეუმცირდათ და  ექსპორტზე უარი თქვეს, რაღაც  2-3  თვის  შემდეგ  შეიძლება  ბაზარზე  ოდნავი  დეფიციტი  ვიგრძნოთ,  მაგრამ ეგეც არა მგონია, იმიტომ რომ ბრაზილიის  გარდა  ამერიკა, თურქეთია მოძლიერებული, უკრაინიდანაც ისევ აღდგა შემოსვლა. ამიტომ არც  ვეტერინარული  თვალსაზრისით  და არც  ფასებზე არ  აისახება,“- განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

ბაზარზე დიდი გავლენის მოლოდინები არ აქვს არც სექტორის ადგილობრივ წარმომადგენელ კომპანია „ბიუ ბიუს“, როგორც კომპანიის წარმომადგენელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი უკავია თურქეთიდან და უკრაინიდან იმპორტს, ამიტომ დეფიციტი ან რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არაა.