მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, საფრანგეთის სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს, 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ლიბიური დაფინანსების საქმეზე, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ის ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი ყოფილი მეთაურია, რომელიც ციხეში ჩაჯდება. ნიკოლა სარკოზის, რომელსაც სექტემბრის ბოლოს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ პატიმრობის პირობები გააცნო. „მას 21 ოქტომბერს პარიზის სანტეს ციხეში მოათავსებენ“, - იუწყება France Télévisions-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით, რითაც RTL-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დასტურდება.
ნიკოლა სარკოზის, რომელიც 2007-2012 წლებში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, დანაშაულებრივ შეთქმულებაში დასდეს ბრალი, რადგან თავის უახლოეს გარემოცვას უფლება მისცა, 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონოდ დაფინანსების მიზნით, მუამარ კადაფის ლიბიასთან დაემყარებინა კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი გაასაჩივრა, მის წინააღმდეგ გამოცემული წინასწარი პატიმრობის ორდერის საფუძველზე, სარკოზის ციხეში მაინც მოათავსებენ.
ნიკოლა სარკოზის ადვოკატებს გათავისუფლების მოთხოვნით შუამდგომლობის შეტანა პატიმრობის პირველივე დღიდან შეუძლიათ. ამ მოთხოვნის წარდგენის შემდეგ, სასამართლოებს გადაწყვეტილების მისაღებად ორი თვის ვადა ექნებათ.
წყარო: 1 არხი