დევიდ ჰოკნის IPad-ზე შესრულებული ნახატების პრინტების ყველაზე დიდი კოლექცია, 17 ნამუშევარი, Sotheby’s-ის აუქციონზე 17 ოქტომბერს, ლონდონის Frieze-ს ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში გაიყიდა, აუქციონის ჯამურმა ღირებულებამ 6.97 მილიონი გირვანქა სტერლინგი (9.3 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

ნახატების ინდივიდუალური ფასი წინასწარი შეფასებით 75 000-დან 140 000 გირვანქა სტერლინგამდე იყო, თუმცა აუქციონის ყველა ლოტი გაცილებით უფრო მაღალ ფასად გაიყიდა.

The Arrival of Spring in Woldgate, East Yorkshire in 2011 (twenty eleven), Print 15/25

აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი ჰოკნის ციფრული ნახატის პრინტია სახელწოდებით - The Arrival of Spring in Woldgate, East Yorkshire in 2011 (twenty eleven). ლოტის საბოლოო ღირებულებამ 762 000 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც 1 მილიონ აშშ დოლარს უდრის. ამ შედეგით პრინტი ჰოკნის დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ციფრული ნამუშევარი გახდა.

ჰოკნიმ Ipad-ზე ხატვა 2011 წლიდან დაიწყო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან, 1950-იანი წლებიდან, მისთვის ნაცნობი იორკშირის პეიზაჟები სწორედ IPad-ზე გამოსახა, რადგან თავისივე განმარტებით “აქ განათება სწრაფად იცვლება, ამიტომ უნდა გადაწყვიტო როგორ გამოსახო. მივხვდი რამდენად სწრაფად შეიძლება ამის გაკეთება IPad-ით”. თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით საღებავის და ფუნჯების უსასრულო არჩევანი აქვს მხატვარს და ეძლევა საშუალება ჩანახატები მოგვიანებით სტუდიაში დაამუშაოს.

ჰოკნიმ 2011 წელს იორკშირში შექმნილი ციფრული ნახატების სერია შემდგომ ლიმიტირებული პრინტების საშუალებით გამოსცა, მხატვრის ეს გადაწყვეტილება უდავოდ წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა. დღეს 88 წლის დევიდ ჰოკნი აქტიურად აგრძელებს ციფრული ნახატების შექმნას, მისი ნორმანდიის ამსახველი 100-ზე მეტი პეიზაჟი მომავალ წელს ლონდონში გამოიფინება.

The Arrival of Spring in Woldgate, East Yorkshire in 2011 (twenty eleven), Print 6/10

ცნობისთვის ჰოკნის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი Portrait of an Artist (Pool with Two figures) 2018 წელს Christie’s-ის აუქციონზე 90 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ჰოკნის ციფრული ნახატებიდან აქამდე ყველაზე ძვირად ღირებული კი მიმდინარე წლის მაისში გაყიდული ნახატია სახელწოდებით The Arrival of Spring in Woldgate, East Yorkshire in 2011, საბოლოო ფასი 504 000 გირვანქა სტერლინგი იყო.

bm.ge