მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორის გიორგი დოლიძის დაკვირვებით, სასტუმროების დატირთულობაში მნიშვნელოვანი წვლილი მეზობელი ქვეყნებიდან და აზიური ბაზრებიდან ჩამოსულ ტურისტებს შეაქვს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ წელს, სამ კვარტალში საერთაშორისო ტურისტების მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.

ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს, რომ წელს სამ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 5.6%-ით 5.3 მილიონამდე გაიზარდა და ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან შედგა - 1 245 744. წლიური ზრდა 12%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 963 633 ვიზიტით, თურქეთის შემთხვევაში კლება 9%-ს შეადგენს. მესამე ადგილს კი სომხეთი იკავებს 720 114 ვიზიტით, აქ კლება 1.7%-ია. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან.

გიორგი დოლიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ტურიზმის მთავარი გამოწვევა ფასით და არა ფასეულობით ბრძოლაა - განსაკუთრებით ინდოეთის, ჩინეთისა და ისრაელის მიმართულებებზე, სადაც მასობრივი ტურისტული ნაკადები დომინირებს.

ბაზარზე ხშირად ფასით ვიბრძვით და არა ხარისხით. ჯგუფურ ტურებში პრიორიტეტი ფასია და არა სასტუმროს ლოკაცია ან სერვისი... ინდური ჯგუფები ყურადღებას არ აქცევენ, თავისუფლებაზე იცხოვრებენ სასტუმროში თუ პეკინის გამზირზე“, - აღნიშნა მან თემაზე საუბრისას.

მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორისთვის, ისევე როგორც ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისთვის ყველაზე სასურველ ტურისტებად ევროკავშირის, იაპონიის და კორეის მოქალაქეები რჩებიან.

გარდა იმისა, რომ ამ ბაზრებიდან ვიზიტორები მეტად მხარჯველუნარიანები არიან, ევროპული და იაპონური ბაზრები უფრო მაღალი სტანდარტების მომთხოვნებად რჩება, რაც ბიზნესს ხარისხის გაუმჯობესებისკენ უბიძგებს“, - ამბობს გიორგი დოლიძე.

ის იმედოვნებს, რომ პირდაპირი ავიარეისების ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების მოზიდვაზე დადებითად აისახება.

ევროპიდან მოსული ტურისტი, როგორც წესი, უფრო მაღალი მხარჯველუნარიანია და რაც ხარისხიანია, ის რთულად მოსაპოვებელია“, - დასძინა მან.

2025 წლის სამი კვარტალის შედეგებზე საუბრისას გიორგი დოლიძემ რამდენჯერმე აღნიშნა, საქართველო არის ძალიან საინტერესო და განვითარებადი ქვეყანა უშუალოდ ტურიზმის ჭრილში, სადაც ბაზარი ბუნებრივად არეგულირებს ფასებსა და მოთხოვნა-მიწოდებას.

bm.ge