ბრაზილიაში  H5N1 ტიპის ფრინველის გრიპის მაღალპათოგენური ვირუსი გარეულ ფრინველებში პირველად გამოავლინეს. ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 180 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა.

ამ დროისთვის ფრინველის ინფექციის რვა შემთხვევაა დადასტურებული: შვიდი ესპირიტო სანტოს შტატში და ერთი რიო-დე-ჟანეიროს შტატში. ხელისუფლება შიშობს, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს შინაურ ფრინველებზე. როგორც უცხოური გამოცემები წერენ ფერმაში ფრინველის გრიპის ერთი შემთხვევა ჩვეულებრივ იწვევს მთელი ფერმის დაღუპვას.

გასათვალისწინებელია, ის რომ ბრაზილია არის ქათმის ხორცის უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში. საქართველოში იმპორტირებული ქათმის ხორცის 24% სწორედ ბრაზილიიდან შემოდის. 2023 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოში 27 601 180 აშშ დოლარის 17 617 ტონა ფრინველის ხორცი შემოვიდა, აქედან  6 854 950 აშშ დოლარის 4 168 ტონა ქათმის ხორცი ბრაზილიიდან იქნა შემოტანილი. მეორე მესამე ადგილზე თურქეთი (2 923 ტონა) და ჩინეთია  (2 244 ტონა).