„ეპარიუმი“ ქართულ ბაზარზე 6 თვის წინ გამოჩნდა და მომხმარებელს ეპოქსიდისგან დამზადებულ სარკეს, სანამცხვრე ლანგარს, მაგიდას, ყველის დაფას, ჭადრაკს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთს თუ აქსესუარს სთავაზობს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ როგორია ეპოქსიდით დამზადებული ნივთების მიმართ ინტერესი და საიდან გაჩნდა ბიზნესის დაწყების იდეა და „ეპარიუმის“ დამფუძნებელს ნინო ძამუკაშვილს დაუკავშირდა.
ნინოს თქმით, ბიზნესის წამოწყების ინტერესი ერთ-ერთმა „ტიკ-ტოკ“ ვიდეომ შთააგონა, სადაც უცხოელი ბლოგერი ჰყვებოდა თუ რამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული ნივთის დამზადება შეიძლებოდა გამჭვირვალე სითხისგან. მისივე თქმით, ბიზნესის კეთება მინიმალური ინვესტიციით 1000 ლარით დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ ეპოქსიდი ქართული ბაზრისთვის სიახლეა საჭირო მასალებს ონლაინ იწერს.
„ყველაზე საინტერესო ჩემთვის ის იყო, რომ ერთი სახეობის ნივთებიც რადიკალურად განსხვავებული იყო. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, დეტალური ინფორმაცია მოვიძიე, დამოუკიდებლად ვსწავლობდი როგორ უნდა შემეზავებინა ნივთიერებები ისე, რომ სასურველი პროდუქტი მიმეღო. საქართველოს ბაზრისთვის ეპოქსიდი სიახლე იყო, ამიტომ საჭირო მასალები ონლაინ გამოვიწერე და მინიმალური კაპიტალით 1 000 ლარით დავიწყე ნივთების დამზადება.
ეპოქსიდის თავისებურებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ნივთის დამზადება და განახლება არის შესაძლებელი. მთავარია შემოქმედებითი უნარი, ფანტაზია და კრეატივი. ამ ეტაპზე მომხმარებელს „ეპარიუმი“ სთავაზობს სარკეს, სანამცხვრე ლანგარს, მაგიდას, ყველის დაფას, ჭიქის დასადებს, ჭადრაკს, დომინოს, ბლოკნოტს, კალამს, წიგნის სანიშნეს, გასაღების საკიდს (ინიციალებით), სამკაულის ზარდახშას, მაკიაჟის ორგანაიზერს და ა.შ.“- აღნიშნა ნინო ძამუკაშვილმა.
ძამუკაშვილის თქმით მომხმარებლის ინტერესი ეპოქსიდისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების მიმართ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად ბიზნესის გაფართოება მოუწია და სახლიდან სახელოსნოში გადაინაცვლა, რათა მეტი რაოდენობის პროდუქციის დამზადება შეძლებოდა. მისივე თქმით, თავდაპირველად ძირითადად ქართველი მომხმარებელი ჰყავდა, თუმცა შეკვეთებს ევროპიდანაც იღებს, ძირითადად საბერძნეთიდან და იტალიიდან. მისივე თქმით, მომხმარებელს მისი ნამუშევრების შეძენა როგორც ონლაინ, ასევე ადგილზეც შეუძლიათ.
რაც შეეხება ფასებს, ნინოს თქმით, არის ნივთები რომლის შეძენაც 5 ლარად შეიძლება , თუმცა ჰქონია ინდივიდუალური შეკვეთა, რომელიც 500 ლარად გაიყიდა.

„ყველზე დაბალი ფასი „ეპარიუმში“ სანიშნეს აქვს, რომლის ღირებულება 5 ლარიდან იწყება. სხვადასხვა ნივთების საშუალო ფასი კი დაახლოებით 50-დან 100 ლარამდე მერყეობს.ნამუშევრების ფასი დამოკიდებულია როგორც ნივთის ზომაზე, ასევე ტექნიკურ მხარეზე და მის დიზაინზე. მაგალითად, ინდივიდუალური შეკვეთით დამიმზადებია მაგიდა, რომლის ღირებულებაც 500 ლარს შეადგენდა.
ნივთების დიზაინს უმეტესწილად თავად ვქმნი. პროფესიით მხატვარი ვარ, ამიტომ წინასწარ ვაკეთებ ჩანახატს. ინსპირაციის წყარო კი ნებისმიერი რამ, ბუნებაში გასეირნებაც კი შეიძლება გახდეს. ამის პარალელურად, ვითვალისწინებ მომხარებლის სურვილებს და გემოვნებას და ვიღებთ სასურველ პროდუქტს.“- აღნიშნა ნინო ძამუკაშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ეპარიუმის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე უნდა, რომ სავაჭრო ცენტრებში დახლებზე გამოჩნდეს, რადგან უფრო დიდი მასისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, სამომავლოდ კი გაფართოებას გეგმავს.
„უახლოეს მომავალში, ვგეგმავ სახელოსნოს გაფართოებას და ამასთან ერთად, მინდა ეპარიუმის დახლები სავაჭრო ცენტრებში გაჩნდეს და პროდუქტი უფრო დიდი მასისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ასევე, ვფიქრობ ექსპორტის მიმართულების გაფართოებაზე, მოლაპარაკებები უკვე დაწყებული მაქვს. იმედია, ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება და ჩემი დამზადებული ნივთების ხილვას და შეძენას უკვე ევროპულ სავაჭრო ცენტრებშიც შეძლებენ“, - აღნიშნა ნინო ძამუკაშვილმა.
