„ელემენტ ჰოლდინგი“, რომელიც დღეს სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ კომპანიას აერთიანებს, 19 წლის გახდა. წლების განმავლობაში ჰოლდინგმა შექმნა უნიკალური ეკოსისტემა და იგი მოიცავს ინდუსტრიული, სამოქალაქო და ჰიდროტექნიკური მშენებლობისთვის საჭირო როგორც სრულ, ისე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს.
კომპანიის განვითარების გზაზე, საერთაშორისო გაფართოებასა და სამშენებლო სექტორის ხელშემწყობ ინიციატივებზე „ელემენტ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, ზაქრო ებელაშვილი საუბრობს.
- ქართულ სამშენებლო სექტორში „ელემენტ ჰოლდინგი“ უკვე 19 წელია წარმოდგენილი. როგორია მრავალწლიანი ტრანსფორმაციისა და განვითარების შედეგი?
- 19 წელი მნიშვნელოვანი დროის მონაკვეთია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანია არა მხოლოდ იზრდება, არამედ საკუთარ გარშემო ქმნის ძლიერ პროფესიულ ეკოსისტემას. „ელემენტ ჰოლდინგის“ განვითარების გზა სწორედ ასეთია - წლების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომელიც აერთიანებს სამშენებლო ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით მოქმედ წარმატებულ კომპანიებს და ქმნის სინერგიას საერთო მიზნების მისაღწევად.
- რა გამოარჩევს „ელემენტ ჰოლდინგს“ ქართულ სამშენებლო სექტორში?
- მთავარი უპირატესობა ის შესაძლებლობაა, რომელსაც ჰოლდინგის სტრუქტურა ქმნის. სამშენებლო სექტორში იშვიათია ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ერთ სივრცეში გააერთიანოს ინდუსტრიული, სამოქალაქო და ჰიდროტექნიკური მშენებლობისთვის საჭირო როგორც სრული, ისე ვიწრო სპეციალიზებული მიმართულებები.
შვილობილი კომპანიები ფარავენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა სამშენებლო და სარემონტო სერვისები, სამრეწველო და დეკორატიული იატაკები, ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემები, რკინაბეტონის ანაკრები და ლითონკონსტრუქციები, სამშენებლო მასალები და მსუბუქი ტექნიკა, შრომის უსაფრთხოება და სამშენებლო ხარისხი, სამშენებლო ტექნიკისა და ინვენტარის გაქირავება და ა.შ.
ეს შესაძლებლობა გვაძლევს, დამკვეთს შევთავაზოთ არა მხოლოდ ცალკეული სერვისი, არამედ კომპლექსური გადაწყვეტილებები, რაც პროექტის ეფექტურ მართვასა და მაღალი ხარისხის შედეგს უზრუნველყოფს.
- „ელემენტ ჰოლდინგი“ ხშირად საუბრობს სექტორის განვითარებაზე. რატომ მიიჩნევთ ამ მიმართულებას მნიშვნელოვან პრიორიტეტად?
- გვჯერა, რომ წარმატებული კომპანია პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის, არამედ იმ გარემოს განვითარების მიმართაც, რომელშიც ოპერირებს.
ამიტომ ჩვენი საქმიანობა მხოლოდ პროექტების განხორციელებით არ შემოიფარგლება. წლების განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდით სხვადასხვა პროფესიულ და საგანმანათლებლო ინიციატივაში, რომელიც სამშენებლო სექტორის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკოდების მიმართულებით დაწყებული საქმიანობა. 2023 წლიდან აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოში ევროკოდების დანერგვის პროცესს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სამშენებლო ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის. ამჟამად კი „ელემენტ ჰოლდინგი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-თან პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს „ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის“. აღნიშნული ინიციატივის პარტნიორები არიან: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), საქართველოს კონსტრუქტორ/ინჟინერთა ასოციაცია (SEAG) და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC).
- რა მნიშვნელობა აქვს ევროკოდებს საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიისთვის?
- ევროკოდები თანამედროვე ევროპული საინჟინრო სტანდარტების საფუძველია. მათი ეფექტიანი დანერგვა ხელს უწყობს სამშენებლო პროცესების ხარისხის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების გაზრდას, საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციასა და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას.
ვფიქრობ, ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ინჟინრებისა და კონსტრუქტორებისთვის, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ იმავე სტანდარტებით, რომლებიც ევროპის წამყვან ქვეყნებში გამოიყენება.
საბოლოო ჯამში, ევროკოდების დანერგვა სარგებელს მოუტანს როგორც კერძო სექტორს, ისე სახელმწიფოსა და საზოგადოებას, რადგან ის უფრო ხარისხიან, უსაფრთხო და მდგრად სამშენებლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
- ბოლო წლებში ჰოლდინგის საქმიანობა საერთაშორისო მიმართულებითაც გაფართოვდა. რას იტყოდით ამ პროცესზე?
- ჩვენთვის საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობა ბუნებრივი განვითარების ეტაპი იყო. 2022 წლიდან დღემდე, ჰოლდინგის რამდენიმე შვილობილმა კომპანიამ წარმატებით დაიწყო ოპერირება უზბეკეთის ბაზარზე და ამჟამად უკვე არაერთ მნიშვნელოვან პროექტში ვართ ჩართული.
საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით. ის საშუალებას გვაძლევს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ ჩვენი ექსპერტიზა და შევქმნათ წარმატების მაგალითი საქართველოს საზღვრებს მიღმაც.
- რა იქნება „ელემენტ ჰოლდინგის“ მთავარი პრიორიტეტები განვითარების მომდევნო ეტაპზე?
- „ელემენტ ჰოლდინგის“ წარმატება გუნდის პროფესიონალიზმის, ნდობისა და საერთო ღირებულებების შედეგია. მომავალშიც განვაგრძობთ განვითარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც არა მხოლოდ „ელემენტ ჰოლდინგის“, არამედ მთლიანად ქართული სამშენებლო სექტორის გაძლიერებას ემსახურება. სწორედ ამ ხედვით შევხვდით 19-წლის იუბილეს და სწორედ ამ ხედვით განვაგრძობთ მომავალშიც მუშაობას.