Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, ელ-კომერციის ბაზარი საქართველოში ხასიათდება მზარდი მომხმარებლების ბაზით, მაღალი კონკურენციით, გაუმჯობესებული პლატფორმებით და განვითარებული ციფრული/ფინანსური ეკოსისტემით. ამასთან, მთავარ გამოწვევებად რჩება მიწოდების დრო და რეგიონული დაფარვა, კურიერების დეფიციტი და პროდუქტის ხარისხის მიმართ მომხმარებელთა ნდობის პრობლემა.

კვლევა აჩვენებს, რომ ელ-კომერციის ბაზრის ზომა 2018-2024 წლებში გაათმაგდა და 3.5 მლრდ ლარს მიაღწია. ზრდა 2025 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა (+40.6% წ/წ) და ჩვენი შეფასებით, 2025 წელს ბაზრის ზომა 4.7 მლრდ ლარს მიაღწევს. ამასთან, ელ-კომერციის ბაზრის 60.9% ადგილობრივ გაყიდვებზე მოდიოდა 2024 წელს, ხოლო დარჩენილი 39.1% – უცხოეთიდან განხორციელებულ შეკვეთებზე.

ბაზრის ზრდასთან ერთად გაიზარდა ონლაინ მყიდველთა რაოდენობაც – 2018-2025 წლებში 0.6 მლნ-დან 1.0 მლნ ადამიანამდე, ხოლო ონლაინ გაყიდვების განმახორციელებელი ქართული კომპანიების რაოდენობამ 2025 წელს 10 ათასს გადააჭარბა.

ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან მომსახურების სექტორში Wolt, Glovo, Bolt, Yandex, biletebi.ge და tkt.ge. აქედან პირველი 4 საერთაშორისო კომპანიაა, რომელთა ქართულ ბაზარზე შემოსვლა ელ-კომერციის ბაზრის განვითარების მთავარი ფაქტორი იყო. საქონლით ვაჭრობის სექტორში კონკურენცია ბევრად მაღალია – ქართულ ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან Veli.Store, Extra.ge და საცალო ვაჭრობაში ჩართული ბრენდული ქსელების უმეტესობა, ხოლო უცხოეთიდან გამოწერებში ტოპ კომპანიები არიან Temu, Amazon, Ebay, Aliexpress, Taobao, Trendyol, Zara, FarFetch.

ელ-კომერციის წილი საცალო ვაჭრობის სექტორების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა ყველა სექტორში მზარდია. 2025 წლის 6 თვის მდგომარეობით, ელ-კომერციის წილი ჯამური საცალო ვაჭრობის ბრუნვაში 8.0%-ს შეადგენდა, საიდანაც ადგილობრივი კომპანიების წილი 2.2%, ხოლო უცხოეთიდან გამოწერების 5.8% იყო. ეს არის მნიშნელოვანი ზრდა 2021 წლის 3.6%-დან (0.8% ადგილობრივი). ქვე-სექტორების მიხედვით წილი განსხვავებულია და ყველაზე მაღალია ტანსაცმლისა და აქსესუარების სექტორში (15.6% ჯამურად) და ყველაზე დაბალი FMCG სექტორში (1.1%).

„ჩვენი პროგნოზით, ელ-კომერციის ბაზარი შეინარჩუნებს ორნიშნა ზრდის ტემპს (20.5%-იანი საშუალო წლიური ზრდა) და 2030 წლისთვის 10.7 მლრდ ლარს მიაღწევს. ჩვენი შეფასებით, საცალო ვაჭრობის ბრუნვაში ელ-კომერციის წილი 2030 წლისთვის 13%-მდე გაიზრდება (vs 8.0% 2025 წლის პირველ ნახევარში), ევროკავშირის დინამიკის მსგავსად. ამასთან, მომსახურების სექტორში ელ-კომერცია უკვე შედარებით გაჯერებულია, რის გამოც უფრო დაბალ ზრდის ტემპს ვპროგნოზირებთ. შედეგად, 2030 წლისთვის ჯამურ ელ-კომერციაში საქონლით ვაჭრობის წილი გაიზრდება 63.0%-მდე (2024 წლის 54.3%-დან), ხოლო მომსახურებების წილი შემცირდება 37.0%-მდე (2024 წლის 45.7%-დან), ჩვენი შეფასებით.

ელ-კომერციის ბაზრის ზრდას ხელს შეუწყობს როგორც მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე მომხმარებელთა რაოდენობისა და შესყიდვის ინტენსივობის ზრდა. აღნიშნული ტენდენციები, წინა წლების მსგავსად, განპირობებული იქნება ურბანიზაციის გაგრძელებით, ახალგაზრდა თაობის ციფრული ჩვევებით, ინტერნეტისა და სმარტფონების ფართო გავრცელებით, საბანკო ბარათების ფლობის ზრდით და მოსახლეობის შემოსავლების მატებით.

ბაზარზე წარმატებას განსაზღვრავს ოთხი ძირითადი ფაქტორი: ფასი, ასორტიმენტი, მომხმარებლის გამოცდილება და მიწოდების სისწრაფე. ჩვენი შეფასებით, იმ მოთამაშეებს, რომლებიც შეძლებენ ოთხივე კომპონენტის ეფექტურად შეთავაზებას, ბაზარზე პოზიციის მნიშვნელოვნად გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ“,- აღნიშნულია კვლევაში.