"ქართული ოცნების" 87 დეპუტატიდან 41-ს ბიზნესთან აქვს კავშირი. მათგან თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში ბიზნესიდან შემოსავლის შესახებ მხოლოდ 17 უთითებს - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ახალ პუბლიკაციაშია საუბარი.

TI-ის თანახმად:

  • 87-დან 41 დეპუტატს აქვს კავშირი ბიზნესთან;
  • 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი;
  • 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა;
  • იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი;
  • იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ მიიღეს 465,900,569 ლარი;
  • მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი, აქედან: 66 500 ლარი ნაციონალურ მოძრაობას, 39 000 ლარი ხალხის ძალას, ხოლო 2 633 086 ლარი ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).

რომელი დეპუტატები ფლობენ წილებს ყველაზე მეტ კომპანიაში?

საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს:

  • ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
  • ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
  • ჭყონია გიორგი - 4 373 744,02 ლარი
  • ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
  • ბარვენაშვილი გიორგი 1 033 008,48 ლარი
  • ლაშა ტალახაძე - 680 000 USD (დეკლარაციაში თანხა დოლარში აქვს მითითებული)

ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს (21 კომპანია).

5 -ზე მეტი კომპანიის მეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები:

  • ვასილ ჩიგოგიძე - 21;
  • გიორგი ჭყონია - 20;
  • გიორგი ბარვენაშვილი - 11;
  • ბეჟან წაქაძე - 8;
  • ზაალ დუგლაძე 7;
  • გიორგი ხახუბია - 6;
  • ირაკლი კირცხალია - 6.

დეპუტატებთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში

  • 7 კომპანიას რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი, 465,900,569 ლარი.
  • 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მიღებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა, 7 736 986 ლარი.

პოლიტიკური შეწირულობები

მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი, აქედან: 66 500 ნაციონალურ მოძრაობას, 39 000 ხალხის ძალას, ხოლო 2 633 086 ლარი ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).

მე-11 მოწვევის ოცნების პარლამენტის დეპუტატებიდან ორმა 2012 წელს იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას ერთიან ნაციონალ მოძრაობას შეწირეს თანხა, კერძოდ გოჩა ენუქიძემ - 60 000 ლარი, ანზორ ბოლქვაძემ - 6 500 ლარი. ხოლო პარტია ხალხის ძალას ორმა დეპუტატმა შესწირა თანხა, კერძოდ ვიქტორ ჯაფარიძემ 38 000 ლარი, და გურამ მაჭარაშვილმა 1000 ლარი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა ეყრდნობა საჯაროდ არსებულ წყაროებს. კვლევაში არსებული მონაცემები არის 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით და მოიცავს იმ დეპუტატების მონაცემებს (87 დეპუტატი), რომლებიც ამ დროისათვის მონაწილეობდნენ პარლამენტის საქმიანობაში.