დეპუტატი და ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი მუშთაიდის პარკთან სარეკრეაციო ზონაში რესტორნის აშენებას გეგმავს.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, მუშტაიდის ბაღის მიმდებარედ და მასზე რესტორნის მშენებლობა იგეგმება.

„მიწის ნაკვეთზე ვრცელდება ფუნქციური ზონა-რზ2(სარეკრეაციო ზონა 2), მასზე იგეგმება სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე დასაშვები ფუნქცია-დანიშნულების მქონე შენობის, რესტორნის განთავსება.

გამომდინარე იქედან, რომ მიწის ნაკვეთი ემიჯნება მუშტაიდის ბაღს, მასზე ვრცელდება შეზღუდვის ზონები : ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა(ისტ-2) და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაფარვის არეალი. შესაბამისად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვისას დადგინდა რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე არ ფიქსირდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

საკვლევ ტერიტორიაზე ამჟამად განთავსებულია ორი საცხოვრებელი დანიშნულების შენობა და ორი მცირე არასაცხოვრებელი. შენობები სახვადასხვა დროსაა აშენებული, არ არის შენარჩუნებული პირვანდელი სახით, აქვს სხვადასხვა სახის მიშენებები, ქაოტურადაა განვითარებული და არ გააჩნია არქიტექტურული ღირებულება. ტერიტორიაზე იგეგმება არსებული შენობების დემონტაჯი და რესტორნის მშენებლობა. კვლევით დადგინდა რომ ზემოთხსენებული ფუნქციის შენობა არ დაარღვევს არსებულ განაშენიანებას, პირიქით იგი მოაწესრიგებს არსებულ ქაოტურ მდგომარეობას, გააუმჯობესებს არქიტექტურულ და ურბანულ იერსახეს, და ჩაეწერება არსებულ გარემოში“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ტერიტორიის მფლობელი კომპანია შპს „გლობალფარმი“ რესტორნის განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემას ითხოვს, თუმცა ამ დრომდე მისი მოთხოვნა განხილული არ არის.

შპს „გლობალფარმის“ 100%-იანი წილის მფლობელი ანტონ ობოლაშვილია, მისი წილის მმართველი კი  ლია ობოლაშვილი.