„დათესეს“ ორგანული სერტიფიცირებული თესლები იტალიიდან შემოაქვს და ონლაინ, სოციალური ქსელის საშუალებით ყიდის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „დათესეს“ დამფუძნებელი მაია თადიაშვილი ამბობს, სხვადასხვა გრამაჟის თესლის ფასი 3 ლარიდან იწყება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა რუკოლასა და „ბაზილზეა“ (რეჰანი), სამომავლოდ კი ორგანული, ბიო თესლების ასორტიმენტის გაზრდას და საკუთარი სარეალიზაციო წერტილის გახსნას გეგმავს.

„კომერსანტი“ მაია თადიაშვილს „დათესეს“ ასორტიმენტზე,  მოთხოვნაზე, ქვეყანაში ორგანული და ბიო სათესი მასალის პოტენციალზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როდის შეიქმნა „დათესე“ და როგორია ასორტიმენტი?

მაია თადიაშვილი, „დათესეს“ დამფუძნებელი: ამ მიმართულებით ფიქრი 2021 წელს დავიწყეთ. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ მოთხოვნა არის ადამიანების მხრიდან, რომ იკვებონ ჯანსაღად, რასახ ჯანსაღი პროდუქტი და ჯანსაღი, ორგანული სოფლის მეურნეობა განაპირობებს. სერტიფიცირებული ორგანული თესლი იტალიიდან შემოგვაქვს. იმიტომ, რომ ბიო სერტიფიკატით შემოსული საქართველოს ბაზრისთვის ძვირია. თუმცა, კონკრეტული შეკვეთების შემთხვევაში, სამომავლოდ კიდევ განიხილება მისი შემოტანა.

გაყიდვაში გვაქვს ის თესლი, რაზედაცაა მოთხოვნა. ეს არის რუკოლა, „ბაზილი“ ანუ რეჰანი, კომბოსტო, წითელი და მწვანე ფრანგული კომბოსტო, ბოლოკი და რამდენიმე დასახელების ბოსტნეული. ახალი შეკვეთა ჩამოდის და კიდევ დავამატებთ ბოსტნეულს. სათესი მასალები, რაც ჩვენთანაა წარმოდგენილი არაა ჰიბრიდი და ღია დამტვერვის გზითაა მიღებული და დაცულია ყველა ის მოთხოვნა, რაც სათესი მასალის ორგანულობას უზრუნველყოფს.

თქვენი დამკვეთები ვინ არიან, ინდივიდუალური პირები ყიდულობენ სათეს მასალას, სათბურები თუ რესტორნები?

მომხმარებლების 99% ფიზიკური პირია და ინდივიდუალური შეკვეთები გვაქვს. სათბურების მხრიდან მხოლოდ დაინტერესების დონეზეა მოთხოვნა, ვინაიდან ჩვენი სეგმენტი ბიო-მებოსტნეობა ქვეყანაში დიდად განვითარებული არაა. ფონიჭალაშია ბიო-სათბური „ბოსტანი“, რომელიც ბიო მიმართულებით მუშაობს და დაკავებულია სერტიფიცირებული ბიო-მებოსტნეობით. საქართველოში არის „კავკასსერტი“ - მასერტიფიცირებელი ორგანი, რომელსაც აქვს უფლება, რომ კომპანიებს ბიო-მებოსტნეობის სერტიფიკატი მისცეს. „ბოსტანს“ ეს სერტიფიკატი აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ რაოდენობრივად მწარმოებლების დონეზე ეს მიმართულება განვითარებული კარგად არ არის, ჩვენთან შეკვეთებს აკეთებენ ძირითადად ინდივიდუალური პირები რომელთაც უნდათ, რომ თავიანთ ბაღჩებში ჯანსაღი პროდუქტი ჰქონდეთ.

სად იყიდება „დათესეს“ სათესი მასალა?

ამ ეტაპზე ონლაინ ვყიდით. თუმცა, წელს დაინტერესება გაცილებით გაზრდილია. რაც გვაძლევს იმის უფლებას, შემოდგომიდან პატარა სარეალიზაციო წერტილის არსებობაზე ვიფიქრო. არ გამოვრიცხავთ, რომ გაჩნდეს ჩვენი პატარა მაღაზია.

რა ღირს თქვენი ორგანული თესლი?

სხვადასხვა გრამაჟი და სხვადასხვა შეფუთვები გვაქვს. 1-გრამიანი პაკეტების ფასი 3 ლარიდან იწყება. დიდმარცვლიანი თესლის - ცერცვის და მუხუდოს შემთხვევაში 25-30 გრამი 3 ლარი ღირს, ან ცალობით 25-30 ცალი - 3-4-5 ლარი, გააჩნია სააქციო პერიოდია, თუ არა.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სათესი მასალის სახეობები უნდა გავზარდოთ. შეკვეთა გაკეთებული გვაქვს. ველოდებით მომწოდებლებისგან პასუხს. გვინდა, რომ მეტი დასახელების თესლი გვქონდეს და ნაკრებები გავაკეთოთ. ევროპაში და შტატებში ძალიან მოსწონს ეს მომხმარებელს - 10-15-20 დასახელების სათესი მასალა იქნება ერთ შეკვრაში. შეიძლება ეს ნაკრებები სასაჩუქრედაც იქნება გამოყენებული ან ბაღჩისთვის. ბევრი დასახელების ბოსტნეულის სათესი მასალა იქნება ამ შეფუთვაში - ყველა მწვანილი, რაც შეიძლება ჩვენთან მოვიდეს, დაწყებული ოხრახუშით, დამთავრებული სტაფილოს ჯიშებით.

მეორეს მხრივ, გვინდა, რომ შეხვედრები ჩავატაროთ მწარმოებლებთან, ფიზიკურ და დამწყებ სასათბურე მეურნეობებთან იმისთვის, რომ მათ ვუბიძგოთ ბიო ან, მინიმუმ, ორგანული მებოსტნეობისკენ. იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რაკი მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, ორგანული და ბიო მიმართულება გაცილებით უფრო შედეგიანი და მომგებიანი იქნება.

აივანზე, ქოთნებში შეიძლება ამ სათესი მასალის გაშენება?

დავტესტეთ აივანზეც და სახლშიც. „ბაზილი“ უპრობლემოდ გაიხარებს, რუკოლა უფრო პრეტენზიულია, მაგრამ პირდაპირ მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ, დაიწვება. „ბაზილი“ ოთახის ყვავილივით, დიდხანს ხარობს, იზრდება და რომ მოწყვეტთ, ახალ ყლორტებს გამოიტანს.