დედაქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსალოდნელ რეგულაციებზე და ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო მექანიზმებზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე გამოწვევების ფონზე მუნიციპალიტეტი მზადაა სხვადასხვა მკაცრი ნაბიჯი განიხილოს, თუმცა ამისთვის საზოგადოების მხრიდანაც შესაბამისი მზაობაა საჭირო.

„როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიტავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის“, — აცხადებს კახა კალაძე.

საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ და კვლევებმა მსგავსი მიდგომის არაეფექტურობა უკვე დაადასტურა, ხოლო გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების სწრაფ განვითარებაშია.

„ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე არაერთი კვლევაც კი დაიდო, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.

მოკლედ რომ ვთქვა, კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას, არამედ ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, — აღნიშნავს მევლუდ მელაძე.