Amazon-ი მსოფლიო პროდუქციის მონაცემთა ბაზის შექმნას გეგმავს, რომელიც არა მხოლოდ მის პლატფორმაზე გაყიდულ, არამედ სხვა მაღაზიებსა და სავაჭრო ქსელებში წარმოდგენილ საქონელსაც მოიცავს. Reuters-ის მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტის თანახმად, პროექტს World Product Graph ეწოდება და მისი მიზანი გლობალური მასშტაბით პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაერთიანებაა.

პროექტის ფარგლებში Amazon-ი სხვადასხვა ბრენდისა და საცალო მოვაჭრისგან მიღებულ მონაცემებს სხვა ონლაინმაღაზიების ვებგვერდებიდან შეგროვებულ ინფორმაციასთან გააერთიანებს. ეს მომხმარებლებს პროდუქციის უფრო მარტივად შედარების, შესაბამისი შეთავაზებების მოძიებისა და პერსონალიზებული რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, კომპანია ცდილობს, მომხმარებლები საკუთარ ეკოსისტემაში შეინარჩუნოს და არ დაუშვას, რომ მათ შესყიდვები Google-ის, სხვა სავაჭრო პლატფორმების ან დამოუკიდებელი ხელოვნური ინტელექტის აგენტების მეშვეობით განახორციელონ.

Reuters-ის ინფორმაციით, პროექტში მონაცემების მიწოდებაზე თანხმობა უკვე განაცხადეს ისეთმა მსხვილმა საერთაშორისო ბრენდებმა, როგორებიცაა Coca-Cola და Bayer. Amazon-ი ასევე განიხილავდა საპილოტე პროექტს Procter & Gamble-თან. გეგმის მიხედვით, პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ერთიანი ბაზა კომპანიის ხელოვნური ინტელექტის სავაჭრო ასისტენტ Alexa for Shopping-ის შესაძლებლობებსაც გააუმჯობესებს.

World Product Graph-ის შექმნა ასევე უკავშირდება Amazon-ის საკუთარ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს, Alexa for Shopping-ს (ყოფილი Rufus). Reuters-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასისტენტი ზოგჯერ მომხმარებლებს არაზუსტ ან არასრულ ინფორმაციას აწვდის. უფრო სრულყოფილი პროდუქტის მონაცემთა ბაზა კი პასუხების სიზუსტეს გაზრდის და სისტემის მუშაობის ხარჯებსაც შეამცირებს. დოკუმენტის მიხედვით, Rufus-ს კვირაში დაახლოებით 83 მილიონი საძიებო მოთხოვნა აქვს, თუმცა Amazon-ი ამ მონაცემებს მოძველებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი ასისტენტის სიზუსტე გლობალურად დაახლოებით 97%-ია.

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი დამოუკიდებელი AI-სავაჭრო აგენტებისგან კონკურენციის შეკავებაა. ასეთი სისტემები მომხმარებლის ნაცვლად ეძებენ პროდუქტებს, ადარებენ ფასებს და შეუძლიათ შესყიდვების განხორციელებაც. Amazon-ისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მომხმარებლები შესაძლოა კომპანიის ვებგვერდზე შესვლის ნაცვლად სხვა პლატფორმების საშუალებით ყიდულობდნენ საქონელს. შედეგად, Amazon-მა შესაძლოა დაკარგოს როგორც სავაჭრო ტრანზაქციები, ისე სარეკლამო შემოსავლები.

Reuters-ის მიერ შესწავლილ დოკუმენტში World Product Graph-ის ამოქმედების საორიენტაციო თარიღად 2027 წლის 1 ოქტომბერია მითითებული. თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების ვადები დადასტურებული არ არის და მისი მასშტაბი შესაძლოა შეიცვალოს ან ინიციატივა საერთოდ გაუქმდეს. თავად Amazon-მა განაცხადა, რომ შიდა დოკუმენტი შესაძლოა მოძველებული იყოს და კომპანიის მიმდინარე გეგმებს სრულად არ ასახავდეს.