საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ანაბრების 16%-იანი ზრდა ფიქსირდება.

დავით უტიაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტს და ნავთობპროდუქტების გაძვირებას უკავშირდება.

„მიმდინარე ინფლაციასთან დაკავშირებით შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, თუ რამ გამოიწვია- ყველასთვის ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთში იყო სამხედრო კონფლიქტი, გაძვირდა ნავთობპროდუქტები. მაგალითად, ჩვენს ბაზარზე ამის შედეგად დღეს ინფლაციის მაჩვენებელში დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი არის პირდაპირი ეფექტი. ასევე, ტრანსპორტი და სხვადასხვა მიწოდების სერვისები გაძვირდა. სწორედ ამან გადახარა ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი მაჩვენებლისგან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ახლა ინფლაციის მაღალ დონეს და არა ეროვნული ბანკის მიერ ფულის მიწოდება და ფულის ბეჭდვა, რაც გაგვიგია. ვხედავთ, რომ მიმდინარე პერიოდში კურსი მყარდება. ზოგადად, ეკონომიკაში ფულის მასა იზრდება იმიტომ, რომ ეკონომიკა იზრდება და მეტი ფულის საჭიროებაა. ასევე, ფულის მასა არის მიმდინარე ანგარიშებზე ანაბრები და ანაბრებიც სულ იზრდება. დღეს ეკონომიკა იზრდება და ანაბრების 16%-იანი ზრდა გვაქვს. უფრო მეტი და მეტი მოქალაქე ენდობა ლარს გაცვლისთვის და დაზოგვისთვის. ანაბრების ლარიზაცია ბოლო წლებში დაახლოებით 8% პუნქტით გაგვიუმჯობესდა. დოლარში გვაქვს დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის ანაბრები. თუ ეს ხალხიც გადავა ლარში, ლარის ფულის მასა დაახლოებით 40 მილიარდით გაიზრდება, ეს ძალიან კარგი იქნება“,-განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისი თქმით, არსებობს პოზიტიური მოლოდინი, რომ ნავთობის ფასი გაიაფდება. როგორც დავით უტიაშვილმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რომ ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს.

„სწორედ ნავთობის ფასმა განაპირობა ინფლაციის მაღალი დონე მიზნობრივთან შედარებით, რაც ახლა გვაქვს. მის მილევასთან ერთად, ველოდებით რომ ეს ტენდენცია შებრუნდება. თუ არ შებრუნდა, ამან შეიძლება დამატებით სხვა პროდუქტების ინფლაცია გამოიწვიოს. ნავთობს ყველა სხვა სექტორში მოხმარება აქვს. აქედან გამომდინარე, შეიძლება პოლიტიკის გამკაცრებაც მოგვიწიოს. ეროვნული ბანკი ყველა ღონეს იხმარს, რომ ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს“,-განაცხადა დავით უტიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ხარჯების გაზრდის მიზეზი არის არა მხოლოდ ინფლაცია, არამედ ის, რომ ადამიანები შემოსავლების ზრდის პარალელურად, დამატებით სხვა პროდუქტებსაც იძენენ.

„როდესაც ადამიანის შემოსავლები იზრდება, ხარჯვების სხვა სტრუქტურაზე გადავდივართ და დამატებით სხვა პროდუქტების შეძენის საშუალებას ვაძლევთ თავს. ამიტომ, ხშირად არა მარტო ინფლაცია არის ხარჯების გამომწვევი, არამედ ის, რომ ცოტა უფრო მეტს ვხარჯავთ. შეიძლება ჩვენს გარშემო ხშირად მოხდეს ისე, რომ შემოსავალი გაგვეზარდოს, მაგრამ თითქოს  დანაზოგი არ გვეზრდება. სწორედ ეს არის ის, რაც ადამიანების გაკვირვებას განაპიროებს-„ ბევრი ვიმუშავე, უკეთესი შემოსავალი მაქვს, მაგრამ თითქოს ვერ ვგრძნობ". ის ადამიანებიც კი, ვისაც შემოსავალი ეზრდებათ, ხშირად დანაზოგს ვერ ზრდიან. ალბათ, ამას უფრო ის იწვევს, რომ ხარჯების სტრუქტურა ძლიერდება და უფრო მეტს ხარჯავენ.  საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ რიცხებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს“-განაცხადა დავით უტიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ლარის კურსი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურია, რისი მთავარი ფაქტორი არის საგარეო შემოდინებები ტურიზმიდან, საგარეო ვაჭრობიდან და ა.შ.

bp.ge