„დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია Concentrix Georgia-ში საგამოძიებო სამსახურის შესვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ეს პირველი ოფიციალური კომენტარია, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკის სერიაზე. თავად უწყებას, განცხადება არ გაუვრცელებია. 

ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია Concentrix Georgia, სადაც ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული, საქართველოს ბაზარზე 2021 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით შემოვიდა.

„კონცენტრიქსი“ არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO [ბიზნესპროცესების პროცესების აუთსორსინგი] სექტორში. "აწარმოე საქართველოში"-ს პროექტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესწავლილი ეს სექტორი და ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ საქართველოში, რომელმაც დასაქმებას შეუწყო ხელი.

თუმცა, მეორე მხრივ, თქვენ იცით, რომ საკმაოდ აქტუალურია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცველები აწარმოებენ იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. მე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. სამართალდამცველების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ კონკრეტულად რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან", - განაცხადა დავითაშვილმა.

კომპანია საქართველოდან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად აწვდის სხვადასხვა სერვისს - ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. მსოფლიოს მასშტაბით, Concentrix-სს 250,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

bm.ge