ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს მდებარე სასტუმრო-სარესტორნე ქსელი „ლაგოდეხი რეზორტი“  რვა მარტს იხსნება, როგორც „კომერსანტს“ ქსელის გენერალურმა მენეჯერმა დავით ბერიძემ უთხრა „ლაგოდეხი რეზორტი“ ნაკრძალის  შესასვლელთან მდებარეობს და  ადგილზე განთავსებულია 2 და 5 ადგილიანი ჯამში  ოცი  კოტეჯი.

 


„ლაგოდეხის  ნაკრძალის შესასვლელთან, დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით ვართ, ტერიტორიაზე  განთავსებულია 5 ადგილიანი და 2 ადგილიანი კოტეჯები და ჯამში 100 ადამიანის მიღება შეგვიძლია. შეთავაზებაში შედის საუზმე და ადგილზე მუშაობს რესტორანი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი.

 


ჯერ არ გავხსნილვართ და დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ არ ველოდით,  ძირითადად ადგილობრივი  დამსვენებლები მოგვმართავენ, თუმცა  უცხოელი ტურისტებიც აქტიურობენ,“- აღნიშნა დავით ბერიძემ.

 


დავით ბერიძის თქმით „ლაგოდეხი რეზორტის“ ინვესტიცია 5 მილიონი ლარია და კომპლექსი 40-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა სამომავლოდ ეს რიცხვი გაიზრდება. მისივე თქმით, ტერიტორიაზე ძირითადად ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დასაქმებული და რამდენიმე კადრი არის  თბილისიდან.

 

 

რაც შეეხება ფასებს, 2 ადგილიანი კოტეჯის ღირებულება 200 ლარს შეადგენს, ხოლო 5 ადგილიანის ფასი 320 ლარია.

 


სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რესტორანი, გრილ ბარი, აუზი და დაცული ავტოსადგომი. დასასვენებელი კომპლექსი იდეალურია მოლაშქრეებისთვის, არაფორმალურ გარემოში სამუშაო შეხვედრებისთვის, ოჯახური და კორპორატიული შეკრებებისთვის.

 


კოტეჯებიდან იშლება დაცული ტერიტორიებისა და კავკასიონის მთების ხედები და ის თბილისიდან 180 კმ-ით არის დაშორებული.

 

თაკო კვაჭანტირაძე