,,კავკასპაკის" მმართველი პარტნიორის, ამირან ცერცვაძის ინფორმაციით რუსთავში, ამერიკელი ინვესტორების დახმარებით პლასტიკის გადამმუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება, ამის შესახებ მან "კომერსანტის" ეთერში განაცხადა. 

ცერცვაძის თქმით, ამერიკული მხარე რუსთავში უკვე იმყოფებოდა და ადგილობრივ წარმოებას გაეცნენ.

"ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო საქართველოში ინვესტორით თუ ინვესტორის გარეშე მაინც უნდა შეიქმნას.

ვინაიდან და რადგანაც ჩვენ წარმოვადგენთ ამ სექტორს და მოვიხმართ პლასტიკის მასალას, ამიტომ ინტერესი გვაქვს, რომ შეიკრას ეს წრე და ნაცვლად იმისა, რომ შემოვიტანოთ ნედლეული, ადგილზე მოხდეს მისი მოპოვება, გადამუშავება და უკან ჩაშვება წარმოებაში. რამდენიმე კვირის წინ ინვესტორის ვიზიტი უკვე შედგა, რომელსაც გავაცანით ჩვენი წარმოება რუსთავში. დაგეგმილია შესაბამისი ნაბიჯები, თუმცა მთავრობის მიღებულმა გადაწყვეტილებამ პეტის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მზად ვართ საქართველოში პლასტიკის გადამამუშავებელი საწარმო ავაშენოთ",- აღნიშნა ამირან ცერცვაძემ.