„ჩირიფრუტმა“ შოკოლადის სიგარის და შოკოლადის ხინკლის წარმოება დაიწყო - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ უთხრა, მისი თქმით აღნიშნულმა პროდუქტებმა გაამართლა და მომხმარებელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ყიდულობენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები, საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, ძალიან კარგია როგორც სასაჩუქრედ, ასევე სუვენირად. საკმაოდ კარგი და საინტერესო პროდუქტი აღმოჩნდა.

შოკოლადის სიგარის  შიგთავსი ფინიკი, თხილი და არომატისთვის  დარიჩინია, ხოლო რაც შეეხება შოკოლადის ხინკალს ის  კარამელის შიგთავსით მზადდება.“ - აღნიშნა სოფიო ჯიქიამ.

შოკოლადის სიგარის ღირებულება 34,5 ლარია, ხოლო შოკოლადის  ხინკალი 18 ლარი ღირს.

შეგახსენებთ,რომ შპს „ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოას, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. „ჩირიფრუტი“ 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.  კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა.