„Biodiesel Georgia“-ს დირექტორის, მურმან პატარაიას ინფორმაციით კომპანია ეკონომიკის სამინისტროსთან საქართველოში მეორეული მცენარეული ზეთის ტექნიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს.

მისი თქმით, კანცეროგენული ნარჩენებისგან მიღებული ბიოსაწვავი დიზელის ძრავებს იცავს და გარემოზე მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად ამცირებს.

,,პირველი, რომ მეორეული მცენარეული საკვები ზეთის, როგორც ნარჩენის, ტექნიკური მიზნით გამოყენება წინ გადადგმული ნაბიჯია იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კანცეროგენი და არ უნდა მოხვდეს არც ადამიანის და არც ცხოველის ორგანიზმში. თუმცა, ამის ძალიან ცუდი პრაქტიკა საქართველოში იყო და შეიძლება ითქვას, 97-98%-ით უკვე აღმოფხვრილია. ერთი მხრივ, ნარჩენი შორდება გარემოს და მეორე მხრივ, იქმნება განახლებადი ენერგია, ეკო მეგობრული საწვავი, რომელიც დიზელის საწვავის დანამატად გამოიყენება და ძრავაზე მოქმედებს როგორც დამარბილებელი საშუალება.

რადგან ბიო საწვავი მცენარეული ზეთებისგან იქმნება, საპოხი-დამარბილებელი ეფექტი აქვს. ამასთან, არ შეიცავს ტყვიას, რკინას, მინარევებს, მძიმე ლითონებს, თავისი ბუნებით განახლებადი ენერგიაა.

სწორედ ამ საკითხის კანონმდებლობის ჰარმონიზებაზე ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც",- მურმან პატარაიამ "კომერსანტთან" ინტერვიუში.