ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ქართულ მსხვილ ბიზნესთან ურთიერთობაში „მათრახის და თაფლაკვერის“ სტრატეგიას იყენებს. ამის შესახებ მან BMGTv-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა დღეს საქართველოში ის ვითარება, როდესაც მსხვილმა ბიზნესმაც ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

მართალია, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, მაგრამ როგორც დღეს გახდა ცნობილი, მმართველი პარტია აცხადებს, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებს.

„აზრზე მოდით! ხმა ამოიღეთ“ - მიმართავს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ქართულ ბიზნესს.

ფინანსისტის შეფასებით, მსხვილი ბიზნესის დუმილი აიხსნება შიშით, რადგან დღეს მათთან პირდაპირ კომუნიკაციაში სწორედ ბიძინა ივანიშვილია.

- ერთი მხრივ, აშკარაა და ეს დადებითი მოვლენაა, რომ ქვეყანაში საგადასახადო სტრუქტურების და ფინანსური პოლიციის გადამეტებული აქტიურობა აღკვეთილია. მეორე მხრივ, ჩვენდა სამწუხაროდ, რაღაც თვალსაზრისით უნიკალურ ქვეყანაში ვართ ანუ კი ვამბობთ, რომ ოლიგარქიული სტრუქტურა გვაქვს, მაგრამ კონვენციურად ოლიგარქიული მმართველობა არ გვაქვს, რადგან ოლიგარქიული სტრუქტურა იქნებოდა მაშინ, როცა ოლიგარქებს დომინაცია აქვთ მთავრობაზე. ჩვენ კი პირდაპირ მთავრობა გვყავს ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელსაც პირდაპირ უნდა, ხელით მართოს როგორც მთავრობა, ისე მსხვილი ბიზნესი. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ სიტუაციას წარმოქმნის. კომუნიკაციის მშვენიერი არხი აქვს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესთან იმისთვის, რათა ძალიან მკაფიოდ დაანახვოს, რომ ნებისმიერი სხვა ქცევა მათთვისვე იქნება დამღუპველი. ამიტომ არის, რომ თითქოს შეუთავსებლად ჩუმად არის ბიზნესი სხვებთან შედარებით - მაგალითად, პრესა/მედია მეტ-ნაკლებად თავისუფალი გვაქვს. ასეთი თავისუფალი პრესის ქვეყნებში ასეთი შეშინებული ბიზნესი რთულად აიხსნება...

- მაინც რით შეიძლება აიხსნას ბიზნესის ასეთი მდუმარება?

- ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, თვითონ არის ჩართული ამ საქმეში და იერარქიულად მართავს. მსხვილი ბიზნესი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან არის კომუნიკაციაში და კოორდინაციაში

- ანუ მსხვილმა ბიზნესმა იცის, რომ საქართველოს მთავრობისთვის მოწოდება, დაბრუნდნენ ევროინტეგრაციის გზაზე, ნიშნავს პირადად ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას?

- დიახ.

- ეშინია მსხვილ ბიზნესს?

- ეშინია.

- რას ეტყოდით თუნდაც შეშინებულ ბიზნესს - არის თუ არა დღეს ის მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია?

- როგორც მოქალაქე და თუნდაც როგორც ყოფილი ბიზნესმენი, რომელიც დღეს შედარებით პასიურია, მოვუწოდებდი ჩვენ ბიზნესმენებს, რომ როგორც მოქალაქეს, გასაგებია, რომ უნდათ ეს ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს, მაგრამ როგორც ბიზნესმენებს ვეტყოდი - [ამ მდგომარეობაში ყოფნა] ხომ დამღუპველია ბიზნესისთვის?! შეიძლება, [ეს სიტუაცია] მოკლე ვადაში ვიღაცისთვის მომგებიანი იყოს, მაგრამ გრძელ ვადაში ხომ ვიცით, რომ ამ ქვეყნის განვითარება, ამ პატარა ღია ეკონომიკის განვითარება დასავლური ფულის და ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია?! ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ვიქნებით ტურისტული და ღვინის მწარმოებელი ქვეყანა... ამიტომ არა მარტო ფული გვჭირდება დასავლეთიდან, არამედ ძალიან გჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა. თუ მოვწყდით ევროპას, ეს იქნება კატასტროფული შედეგი ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის; ამიტომ, როგორც მოქალაქე და როგორც ბიზნესმენი მოვუწოდებ, ბიზნესმენებს: აზრზე მოდით, ხმა ამოიღეთ!

- რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოში?

- ზედმეტ სიფრთხილეს და მოკლევადიანი მუქარებისადმი შიშს უნდა დაესვას წერტილი. ცოტა უფრო სტრატეგიულად უნდა გავიხედოთ წინ და გავიაზროთ, რომ ერთადერთი, რასაც სიჩუმე მოგვიტანს არის რუსეთის ორბიტაზე ჩაბეტონებული მონობა.

წყარო: BMG