საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილით სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა გამოიკვეთა.
უწყების ცნობით, საქმე ეხება ერთ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც 24 ივლისს თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოვიდა. მძღოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სატვირთო მანქანით თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით ევროპული წარმოშობის საქონელი გადაჰქონდათ.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალება თურქეთში გააბრუნეს.
უწყების ინფორმაციით, რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატვირთო კვლავ შევიდა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ამჯერად მძღოლის მიერ წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში საქონლის წარმოშობის ქვეყნად თურქეთი იყო მითითებული.
მებაჟე-ოფიცრების მიერ ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერების შედეგად კი ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად გერმანია და ხორვატია იყო მითითებული.
„ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის განცხადება უკავშირდება აზერბაიჯანული გამოცემა Report-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შეფერხებებს აწყდებიან. გამოცემის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტითაც მიმართა.