აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის შეზღუდვას და ე.წ. დაბადების ტურიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

თეთრი სახლის განცხადებით, ახალი ზომები განსაზღვრავს, თუ რომელ პირებს აღარ ექნებათ უფლება, რომ მათი შვილების აშშ-ში დაბადების შემთხვევაში ავტომატურად გახდნენ ამერიკის მოქალაქეები.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მოქმედ სისტემას ბოროტად იყენებენ, რადგან ზოგიერთი უცხოელი აშშ-ში მხოლოდ იმისთვის ჩადის, რომ ბავშვი გააჩინოს და მას ამერიკის მოქალაქეობა ავტომატურად მიენიჭოს.

აღნიშნული წესის შესაცვლელად ტრამპის წინა მცდელობა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ივნისში დაბლოკა.

აშშ-ის მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ არ კრძალავს „დაბადების ტურიზმს“, თუმცა 2020 წელს, ტრამპის პირველი ვადის დროს მიღებული ფედერალური რეგულაცია კრძალავს ტურისტული და ბიზნეს ვიზების გამოყენებას იმ მიზნით, რომ ახალშობილმა ავტომატურად მიიღოს ამერიკის მოქალაქეობა. პირებს, რომლებიც ასეთ სქემებში მონაწილეობენ, შესაძლოა ბრალი წაუყენონ თაღლითობის ან სხვა დანაშაულებისთვის.

როგორც „როიტერი“ წერს, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს იმის შესახებ, რამდენი უცხოელი ჩადის აშშ-ში სპეციალურად ბავშვის გასაჩენად, რათა მას მოქალაქეობა მიენიჭოს, ან რა ხარჯი აქვს ამას ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. 2025 წელს შეერთებულ შტატებში დაახლოებით 3.6 მილიონი ბავშვი დაიბადა.