აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების გადაცემის საკითხზე ვაშინგტონს საკუთარი მარაგების გათვალისწინება უწევს.

ტრამპს ოვალურ კაბინეტში ჰკითხეს, მიაწვდის თუ არა აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის საჭირო რაკეტებს, რაზეც მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს თავად სჭირდება რაკეტები.

„ბაიდენმა მას ძალიან ბევრი მისცა. ბაიდენმა მას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა გადასცა“, — განაცხადა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას.

ტრამპმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირანთან ომის ფონზე აშშ-ის სამხედროებს საბრძოლო მასალის დეფიციტი აქვთ. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს საბრძოლო მასალის „უზარმაზარი“ მარაგები აქვს.

ამასთან, CNN-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა საკვანძო საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი გზაგადამჭრელი რაკეტების მარაგის თითქმის 80% უკვე ამოწურეს. ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაურები კი პენტაგონის საბრძოლო მასალის მარაგებს „სახიფათოდ დაბალ“ დონეზე აფასებენ.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) შეფასებით, ირანთან ომის დაწყებამდე აშშ-ის მარაგებში დაახლოებით 2 200 Patriot-ის და 452 THAAD-ის რაკეტა იყო.

უკრაინის ხელისუფლება Patriot-ის რაკეტების დეფიციტზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს. 29 ივლისს ზელენსკიმ ტრამპს Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება სთხოვა, რათა უკრაინამ რუსული სარაკეტო იერიშებისგან, მათ შორის ენერგოინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისგან, დაცვა შეძლოს.

მანამდე, ნატოს სამიტზე ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემას დაჰპირდა. თუმცა 31 ივლისს მან აღნიშნა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი კიევს ამ ლიცენზიას.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრისას უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისთვის ასობით საზენიტო რაკეტის გამოყოფაზე.