„არ მგონია, რომ მცირე პრობლემის გამო ავიაკომპანია „ინდიგომ“ საქართველოსთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია TopTour Georgia-ს კომერციულმა დირექტორმა ნონა ფოლადაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა. ფოლადაშვილს ამის თქმის საფუძველს საქართველოსადმი მზარდი ინტერესი აძლევს.
საქმე ისაა, რომ ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია IndiGo-მ, ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე აღარ იძებნება რეისები დელი–თბილისი–დელისა და მუმბაი–თბილისი–მუმბაის მიმართულებით. როგორც BMG-ს საქართველოში ავიაკომპანიის გენერალურ აგენტ კომპანია Voyager-ში განუცხადეს, ფრენები 28 იანვრიდან შეჩერდა, მიზეზად კი ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება და მოსალოდნელი შეფერხებები სახელდება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება რეისები. ავიაკომპანიამ დელი–თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 2023 წელს დაიწყო, ხოლო მუმბაი–თბილისის მიმართულება 2025 წლის აგვისტოდან დაამატა.
TopTour Georgia-ს კომერციული დირექტორის განმარტებით, ინდოეთის ბაზარი საქართველოსთვის სტაბილურად აქტიურია და სეზონურობაზე ნაკლებად არის დამოკიდებული.
„ზამთრის სეზონი მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია - თოვლი, ზამთრის აქტივობები და კურორტები მათ რეგიონში არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ მაღალი მოთხოვნა არსებობს. გაზაფხულის პერიოდში აქტიურობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ემთხვევა რამდენიმე ადგილობრივ დღესასწაულს. ზაფხულის სეზონშიც მათთვის საქართველოში მოგზაურობა აქტუალობას არ კარგავს – ამ პერიოდში ხდება საქორწინო და სხვა სპეციალური ტურები, ასევე აქტიურია ბიზნეს მიმართულებები. შემოდგომის პერიოდში ისინი ყოველთვის აქტიურობენ, ამიტომ ზამთრისა და ზაფხულის პიკს მაინც გარკვეული ცვალებადობა აქვს, მაგრამ ინტერესი მუდმივად შენარჩუნებულია“, - განმარტავს ფოლადაშვილი.
რაც შეეხება გალფის ქვეყნებს, მისი თქმით, გალფის ქვეყნების შემთხვევაში ტურისტული ნაკადები სეზონურობაზე არ არის დამოკიდებული, რადგან საქართველოს მიმართ ინტერესი წლის განმავლობაში შენარჩუნებულია. სწორედ ამიტომ, მისი შეფასებით, ამ მიმართულებით რისკი, რომ მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდეს, პრაქტიკულად არ არსებობს.
ფოლადაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ვითარება დროებითია და ავიაკომპანიის გადაწყვეტილება ბაზრიდან გასვლას არ ნიშნავს: „მე ვერ ვიტყვი, რა პროგნოზები ექნება “ინდიგოს” წარმომადგენლებს კონკრეტულად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოკლევადიანი პრობლემები, როგორიცაა ფრენების დროებითი შეზღუდვები, არ აისახება ჩვენს თანამშრომლობაზე. პირიქით, როგორც კი რეგიონში სტაბილურობა დაბრუნდება, ავიაკომპანია კიდევ უფრო გააქტიურდება. მათ უკვე აქვთ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და ინვესტიციები [განხორციელებული] იმისათვის, რომ აღადგინოს და გაზარდოს სიხშირე საქართველოს მიმართულებით. მით უმეტეს, რომ „ინდიგომ“ მუმბაიდან პირდაპირი რეისები სულ ცოტა ხნის წინ, დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე განხორციელებულ ინვესტიციას სრულფასოვანი უკუგება ჯერ არ მიუღია“, – ამბობს ნონა ფოლადაშვილი.