ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, 9 წამყვანმა ბიზნესასოციაციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი. ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა.
რატომ არის სტატუსი მნიშვნელოვანი და რას შეცვლის ის ქართული ბიზნესისთვის, ამის შესახებ "ბიზნეს პალიტრას" ეთერში საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ ისაუბრა.
,,მე ვფიქრობ, რომ ბიზნესის ეს ერთიანი ხმა, რომელიც პირველად ერთიანდება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივმართავთ ყველას, ვისაც უშუალოდ ეხება ამ სტატუსის მინიჭება. ქართულ ბიზნესს და ქართულ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ეს სტატუსი.
აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სჭირდება ბიზნესს სტაბილური განვითარებისთვის. ამიტომაც არის, რომ 9 ბიზნესგაერთიანება, რომელიც 1 000-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, ხმას უერთებს მოთხოვნას, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
პირველ რიგში სტატუსის მინიჭება ეს არის დამცავი ქოლგა ინვესტორებისთვის, რის შემდეგაც ისინი უფრო თამამად დაიწყებენ ინვესტირებას. მეორე კომპონენტია ფინანსური დახმარება, რომელსაც სტატუსი განაპირობებს. პროგრამები, რომელშიც ისედაც ვმონაწილეობთ და ვსარგებლობთ, გაიზრდება და გაძლიერდება. გარდა ამისა, ეს არის ფსიქოლოგიური ბუსტი, რაც გაზრდის ფერმერების მოტივაციას" - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ