ევროკავშირის საბჭომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაყვანასთან დაკავშირებულ კიდევ 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.
ევროკავშირის ცნობით, სანქცირებული პირები და ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაყვანაზე, ასევე მათ ასიმილაციაზე, რუსული იდეოლოგიის თავს მოხვევასა და მილიტარიზებულ განათლებაში ჩართვაზე.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ მოსკოვის ტურიზმის კომიტეტი, ბავშვთა დასვენების, ტურიზმისა და გართობის სფეროში მოქმედი ორი რუსული კომპანია, ასევე რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ბავშვთა ბანაკები და სპორტული ცენტრები. ევროკავშირის ცნობით, ისინი ბავშვებს პროპაგანდისტულ და სამხედრო-პატრიოტულ პროგრამებში მონაწილეობას აიძულებდნენ.
ამას გარდა, სანქციები დაუწესდა ჩრდილოეთ კორეაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ მართულ სონგდოვონის საერთაშორისო ბავშვთა ბანაკსაც. EU-ს ინფორმაციით, ბანაკი რუსეთთან კოორდინაციით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გადაყვანის პროგრამებში იღებდა მონაწილეობდა, რომელთა მიზანიც პრორუსული ნარატივების გავრცელება იყო.
სიაში ასევე მოხვდა თათრეთის რესპუბლიკის ლიდერი რუსტამ მინიხანოვი, რომელმაც, ევროკავშირის ცნობით, მის რეგიონში მდებარე ბანაკებში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას შეუწყო ხელი. სანქციები დაუწესდათ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. განათლების სფეროს მაღალჩინოსნებსა და ბავშვთა ბანაკებისა და სკოლების ხელმძღვანელებსაც.
გამოცხადებული ზომების ფარგლებში, სანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირში არსებული აქტივები გაეყინათ, ხოლო EU-ს მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის ფინანსური ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება აეკრძალათ. ამასთან, ფიზიკურ პირებს აეკრძალათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტიც.