დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა წარადგინა.

ანგარიშის წარდგენისას თამარ ხახიშვილმა ყურადღება გაამახვილა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების განვითარება და მათი ქსელის გაფართოება სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„2026 წელს უკვე შეიქმნა 12 ახალი დაცული ტერიტორია, მათ შორის: ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები, ეგრისის ეროვნული პარკი და რიონის აღკვეთილი. შედეგად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 136 185 ჰექტრით გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 112 დაცული ტერიტორიაა“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

მისივე თქმით, დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხზე.
თამარ ხახიშვილმა ისაუბრა ბუნების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ტყის აღდგენის, მავნებლებთან ბრძოლისა და ტყის ინვენტარიზაციის პროცესებს, რაც ბუნებრივი ეკოსისტემების მდგრადი მართვისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იყო. როგორც თამარ ხახიშვილმა აღნიშნა, სააგენტო აქტიურად იყენებს SMART პატრულირებისა და დრონებით მონიტორინგის სისტემებს.

კომიტეტის სხდომაზე ასევე ყურადღება დაეთმო ეკოტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. 2026 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს თითქმის 850 000 ვიზიტორი ეწვია.
საუბარი შეეხო ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარებასაც. ამ მიმართულებით თამარ ხახიშვილმა 2026 წელს გახსნილი თბილისის ეროვნული პარკის სარეკრეაციო სივრცე გამოყო და აღნიშნა, რომ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მუშაობა ახალი ვიზიტორთა ცენტრების შექმნისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა ის პროექტები, რომლებიც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და საერთაშორისო დაფინანსებით ხორციელდება.

მისივე განცხადებით, სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას დაცული ტერიტორიების გაფართოების, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.

აღნიშნულ სხდომაზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ დაცული ლანდშაფტების მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებზე.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს