უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა ნოემბერშია დაგეგმილი. მისი მიზანი ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. თუ საკითხი ტერიტორიულ პრობლემას ეხება, ის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს, სხვა საკითხები კი ტექნიკური ჯგუფების კომპეტენციაში შედის. შესაბამისად, ამ ყველაფრის განხილვა ნოემბერშია შესაძლებელი“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მედიის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია სამივე მხარის მონაწილეობით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ. მათი მიზანი გაჭიანურებული ომის დასრულებაა.
ბოლო განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გააქტიურებული დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე გაკეთდა.
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი სამშაბათს ოსლოში ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შეხვდა, ოთხშაბათს კი — რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
შეხვედრების შემდეგ როგორც კიევმა, ისე მოსკოვმა გამოთქვეს მზადყოფნა, ვაშინგტონის შუამავლობით პირდაპირი მოლაპარაკებები განაახლონ.
რუსეთის პრეზიდენტის საერთაშორისო საკითხებში თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების განახლებას 10 ნოემბრის შემდეგ დათანხმდა. ამის შესახებ უშაკოვმა რუსეთის ლიდერისა და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის, სანქტ-პეტერბურგში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება „კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ვაშინგტონის ინიციატივას, მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე განახლდეს.
„დღის წესრიგი ნათელია: ომის დასრულება, მშვიდობის დამყარება და, რამდენადაც მე მესმის, ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის საჭირო საკითხების მომზადება“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.