არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯები სექტემბერშიც განაგრძობს ზრდას. რეგიონების მიხედვით დინამიკა ძირითადად დადებითია, - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის მიმოხილვაშია აღნიშნული.

აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 63 % -ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 2% -ით შემცირდა. რაც შეეხება კახეთს, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებსა და რესტორნებში წლიურ ჭრილში, შესაბამისად, 37% და 39 % -ით გაიზარდა.

„აჭარის სასტუმროებში არარეზიდენტების დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად, ტრანზაქციების რაოდენობის მატების ხარჯზე. ზრდას ხელი შეუწყო ტრანზაქციის საშუალო მოცულობის მცირედმა მატებამაც. არარეზიდენტები რესტორნებშიც მეტ გადახდას ახორციელებდნენ, თუმცა თითოეულ გადახდაზე საშუალოდ მნიშვნელოვნად ნაკლებს ხარჯავდნენ. ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ ვერ დააბალანსა ტრანზაქციის საშუალო მოცულობის კლება, რის შედეგადაც რესტორნებში ჯამური დანახარჯები შემცირდა.

კახეთში არარეზიდენტების დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც სასტუმროებში, ისე რესტორნებში, რასაც ხელი შეუწყო ტრანზაქციების რაოდენობისა და ტრანზაქციის საშუალო მოცულობის მატებამ. ეს ნიშნავს, რომ ორივე კატეგორიაში არარეზიდენტები მეტ გადახდას ახორციელებდნენ და თითოეულ გადახდაზე საშუალოდ მეტს ხარჯავდნენ. სასტუმროებში ტრანზაქციის საშუალო მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა შესაძლოა განთავსების გაძვირებას ან უფრო ხანგრძლივ დარჩენას უკავშირდებოდეს. რესტორნებში დანახარჯების ზრდა ძირითადად გადახდების რაოდენობის მატებამ განაპირობა, თუმცა ზრდას ხელი შეუწყო თითოეულ გადახდაზე საშუალო დანახარჯის მატებამაც.

სასტუმროებში დანახარჯების ზრდას ხელს უწყობდა როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობის მატება, ხოლო რესტორნებში დანახარჯების დინამიკას ძირითადად ტრანზაქციების რაოდენობა განსაზღვრავდა. მომდევნო პერიოდში, შემცირებულმა ტრანზაქციის საშუალო მოცულობამ შესაძლოა რესტორნებში დანახარჯების ზრდა შეაფერხოს, განსაკუთრებით ტრანზაქციული აქტივობის შენელების შემთხვევაში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.