გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსულ ენერგო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის თავდასხმების შედეგად რამდენიმე რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
Reuters-ს წყაროებმა აცნობეს, რომ 18 აპრილს დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტის" სიზრანის გადამამუშავებელმა ქარხანამ.
ინდუსტრიის წყაროების მიხედვით, აღნიშნულმა ობიექტმა 2024 წელს 4.3 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშავა და აწარმოვა 800 000 ტონა ბენზინი, 1.5 მილიონი ტონა დიზელი და 700 000 ტონა საწვავის ზეთი.
გამოცემის წყაროების თქმით, უკრაინის დარტყმების შემდეგ 18 აპრილიდან მოყოლებული ნავთობის პირველადი გადამუშავება შეაჩერა "როსნეფტის" ნოვოკუიბიშევსკის ნავთობქარხანამაც, რომელმაც 2024 წელს 5.74 მილიონი მეტრული ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშავა.
ნავთობის ინდუსტრიის ორი წყაროს მიხედვით, 16 აპრილიდან მუშაობა შეწყვიტა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამაც, რომელსაც ყოველდღიურად 240 000 ბარელის წარმოება შეუძლია.
ხოლო რუსეთში სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანა NORSI-მ, რომლის მფლობელიც Lukoil-ია, მუშაობა 5 აპრილს შეაჩერა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ობიექტზე დრონებით იერიში მიიტანა. გამოცემის ცნობით, NORSI-ს ყოველდღიურად 320 000 ბარელის გადამუშავება შეუძლია.
Reuters-ის წყაროები ამბობენ, რომ ერთი თვის განმავლობაში რუსეთის კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას ნაწილობრივ აღადგენს, მას შემდეგ, რაც ობიექტს, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად გამოწვეული ხანძრების გამო, მარტის ბოლოს მუშაობის გაჩერება მოუწია.
წყაროების თქმით, უკრაინის იერიშების შედეგად მუშაობა შეუფერხდა უსტ-ლუგას გადამამუშავებელ ქარხანასაც. ასევე დრონებით დარტყმა მიიტანეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, სადაც ნედლი ნავთობის დისტილაციის დანადგარი 21 მარტიდან მოყოლებული აღარ მუშაობს.